დაეხმარება თუ არა გრენლანდიის არჩევნები ტრამპს მიიღოს მსოფლიოს უდიდესი კუნძული

მსოფლიოს უდიდესი კუნძულის საპარლამენტო არჩევნები, რომლის მოსახლეობაც 60 ათასს არ აღემატება დიდად არასდროს აღელვებდა პლანეტის დანარჩენ 8 მილიარდ მაცხოვრებელს, თუმცა დღეს განსხვავებული ატმოსფეროა. 

გრენლანდიის ირგვლივ მედიის ყურადღება დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული წინააღმდეგობრივი განცხადებების შემდეგ გამძაფრდა და დასავლური მედია აქტიურად აშუქებს პროცესს. 

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი საუბრობს მზაობაზე შეიძინოს კუნძული, მაგრამ ამასთანავე არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს - ეს განსაკუთრებით უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ გრენლანდია ლეგალურად დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედის, დანია კი თავის მხრივ ნატოს წევრი და შეერთებული შტატების ძველი მოკავშირეა. 

ტრამპს გრენლანდიის ეკონომიკური და სატრანზიტო რესურსები იზიდავს - სწორედ ამ კუნძულზე გადის უმოკლესი გზა ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაზე, წყლები გრენლანდიის ირგვლივ მდიდარია თევზით, ხოლო ნიადაგი სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულით. 

ამასთანავე გრენლანდიაში უკვე დიდი ხანია პოპულარულია დამოუკიდებლობის იდეა - დღევანდელი არჩევნები აჩვენებს, თუ რამდენაც მყარია კავშირი, რომელიც კუნძულს დანიის სამეფოსთან მრავალი ასწლეულია აქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ ლეგალურად გრენლანდია კვლავ დანიის სამეფოს შემადგენლობაში კოპენჰაგენმა უკვე მრავალი ათწლეულია შიდა საქმეების მართვა ადგილობრივებს დაუთმო. ამ ფონზე დანია კვლავ იხდის გრენლანდიაზე მცხოვრებების განათლებისა და ჯანდაცვის ხარჯებს და იტოვებს ბოლო სიტყვას თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 

საუბარია წლიურად დაახლოებით 600 მილიონ ევროზე, რაც გრენლანდიის ბიუჯეტის ნახევარია. უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით დამოუკიდებლობის გამოცხადებას კუნძულის მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, თუმცა თუ კი ეს დანიისგან მიღებული სუბსიდიების დაკარგვასაც გულისხობს ასეთ შემთხვევაში დამოუკიდებლობის მსურველთა რიცხვი მკვეთრად მცირდება. 

"აქ არავინ ლესავს დანებს და არ ყვირის - დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა... ადამიანები განიხალვენ განათლებას, ჯანდაცვას, საწვავის ფასებს, ყოფით ამბებს"- აღწერს კუნძულზე არსებულ ატმოსფეროს ცნობილი გრენლანდიელი გეოლოგი, მინიკ როსინგი. 

გასული 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობაში სეპარატისტული პარტიები არიან და მოქმედი მთავრობა მოსახლეობას საჭირო დროს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩანიშვნასაც ჰპირდება, თუმცა ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიერთებას არ ჩქარობენ. 

"გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს და ჩვენ ეს ამერიკელებს უნდა გავაგებინოთ. ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი პრეზიდენტი ამას გამოავლენს"- განაცხადა ადგილობრივ საზოგადოებრივ მაუწყებელთა საუბარში, კუნძულის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ. 

ამათანავე, ეგედემ აღნიშნა, რომ ტრამპის წინააღმდეგობრივი განცხადებების ფონზე გრენლანდიელებს ამერიკასთან დაახლოების სურვილი გაუნელდათ. 

ადგილობრივები მზად არიან ისარგებლონ მათი კუნძულის მიმართ წარმოქმნილი გეოპოლიტიკური ინტერესით, თუმცა ისინი ფარულ საფრთხეებსაც ხედავენ. ადგილობრივი ხელისუფლება შეშფოთებულია სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის ზრდისა და ამომრჩეველთა პოტენციური მოსყიდვით. 

თებერვალში გრენლანდიის პარლმანეტმა პოლიტიკურ პარტიებს აუკრძალა დაფინანსების მიღება ანონიმური უცხოელი შემომწირველებისგან. 

ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობაშია (21 მანდატი 31-დან) პარტია ატაკვატიიგიტი (სახალხო გაერთიანება). მეორე ადგილზე მანდატების რაოდენობით პარტია სიუმუტია, რომელიც მოსახლეობას დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დაჩქარებას ჰპირდება, ხოლო სახალხო გაერთიანება კი საკითხზე მაინცდამაინც არ აქცენტირებს. 

დღევანდელი არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა იქონიოს მსოფლიოს უდიდესი კუნძულის პოლიტიკურ მომავალზე. 

 

მსგავსი სიახლეები