დაფიქსირდა ხმების მოსყიდვისა და განმეორებით ხმის მიცემის შემთხვევები - IRI-ს მისიის წევრი
27 ოქტომბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად შეფასებას ავრცელებენ.
დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, აშშ-ს ყოფილი კონგრესმენის, ჯონ შიმკუსის თქმით "ამჟამინდელი სამართლებრივი რეგულაციების ფონი უზრუნველყოფს არათანაბარ საარჩევნო გარემოს და ძალიან დიდ სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის ზოგადად ძალიან კონკურენტული არჩევნებისთვის".
შიმკუსი აღნიშნავს, რომ ძირითადი კამპანია უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, მათზე ზეწოლის მოხდენის მიზნით იყო მიმართული:
"წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების ნარატივი იყო, რომ გამოიყენებდნენ ხმების ახალ ტექნოლოგიებს, იმისათვის რომ ყველაფერი გაკვლეული ყოფილილიყო, ყველა ამომრჩეველი აღრიცხული ყოფილიყო. ძირითადად კამპანია იყო მიმართული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე, სოფლად, იმისათვის, რომ მათზე მომხდარიყო ზეწოლა". - ამბობს ყოფილი კონგრესმენი [სინქრონული თარგმანი].
მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნების ჩატარების სხვადასხვა დარღვევებს, მათ შორის, ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევებს:
"ასევე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები იყო მოგროვებული ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რითაც მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათზე. ამან ასევე ხელი შეუწყო ხმების მოსყიდვის სქემების განვითარებას, ამან შექმნა შიშით დატვირთული გარემო, შექმნა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელმაც შემდეგ გამოხმაურება ჰპოვა არასამთავრობო ორგანიზაციების წინასაარჩევნო ანგარიშებში, სადაც გაჟღერდა ეს ყველაფერი. ზუსტად ამ ვითარებაში ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები" - ამბობს შიმკუსი.
მისი თქმით, დაფიქსირდა ხმების მოსყიდვის და ძალადობის ფაქტები:
"ასევე იყო გარკვეული შეშფოთება და კითხვის ნიშნები ხმების გასაიდუმლოებასთან და ფარულობასთან დაკავშირებით. ასევე სისტემური და რეგულარული ზეწოლა, დათრგუნვა - ამან ყველაფერმა შექმნა შიშის გარემო. ასევე იზოლირებული ინციდენტები იყო ხმების მოსყიდვის, გამეორებით ხმის მიცემის, ძალადობის შემთხვევები. ასევე იყო მარკირების შეუმოწმებლობა".
მისიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბოლოო შეფასება უნდა მოხდეს მომავალში. მათი თქმით, ცესკოში შემოსულია 337 საჩივარი.
"IRI მოუწოდებს ცესკოს, რომ ჩაატაროს სამართლაინი, გამჭვირვალე და ზუსტი დათვლა ყველა შედეგის იმისათვის, რომ ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიული არჩევანი იქნეს ასახული" - ამბობს მისია.