დანიის ხელისუფლებამ კოპენჰაგენში ყურანის დაწვა დაგმო
დანიის მთავრობამ კოპენჰაგენში, ერაყის საელჩოს წინ, ყურანის დაწვა დაგმო.
ხელისუფლების განცხადება 22 ივლისს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"წმინდა ტექსტების და სხვა რელიგიური სიმბოლოების დაწვა სამარცხვინო ქმედებაა, რომელიც არ სცემს პატივს სხვების რელიგიას. ეს არის პროვოკაციული ქმედება, რომელიც ავნებს ბევრ ადამიანს და ქმნის ბარიერს სხვადასხვა რელიგიასა და კულტურას შორის," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დანიაში რელიგიის თავისუფლებაა და ქვეყნის ბევრი მოქალაქე მუსლიმია.
"დანია ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა. დანია მხარს უჭერს პროტესტის უფლებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის უნდა იყოს მშვიდობიანი," - განაცხადა სამეფოს ხელისუფლებამ.
ერთი დღით ადრე, კოპენჰაგენში, ერაყის საელჩოსთან, მამაკაცმა სცადა დაეწვა წიგნი, რომელიც პოლიციის ცნობით, ყურანის მსგავსი იყო. მამაკაცმა ასევე აწია და შემდეგ მიწაზე დააგდო ერაყის დროშა და მასზე რამდენჯერმე გადაიარა.
აქციის შემდეგ ასობით დემონსტრანტი კვლავ გამოვიდა ბაღდადის ქუჩებში და ერაყის დედაქალაქში დანიის საელჩოსთან აქცია გამართა. უსაფრთხოების ძალებმა შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალეს.
ამ კვირის დასაწყისში, ყურანის დაწვის მცდელობა შვედეთშიც იყო. ერაყელმა მუსლიმმა ლტოლვილმა სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოს წინ წიგნის დაწვა სცადა. აქციას საპროტესტო აქციები მოჰყვა ბაღდადშიც, სადაც ხალხი შვედეთის საელჩოში შეიჭრა, რის შედეგადაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.