დასავლური დაზვერვების ცნობით, პუტინს შეთანხმების ჩაშლა და ომის გაგრძელება სურს
.jpg)
დასავლური სადაზვერვო უწყებების ცნობით, პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკებებში მაქსიმალისტური მოთხოვნები განზრახ წამოაყენა, რადგანაც სინამდვილეში ომის გაგრძელება სურს.
ინფორმაციას ამის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი ავრცელებს.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, პუტინმა იცის, რომ მის მიერ წამოყენებული პირობები მიუღებელი იქნება როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის, და მზად არის, ომი საკუთარი მიზნის მიღწევამდე გააგრძელოს.
ევროპული დაზვერვის მაღალჩინოსნების ცნობით, პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების, უკრაინის ნეიტრალური სტატუსისა და ევროპული სამშვიდობო ჯარების განლაგების საკითხებში კომპრომისს არ განიხილავს.
არსებულ ვითარებაში, კრემლში ვერ ხედავენ მიზეზს, თუ რატომ უნდა თქვან უარი მათ მაქსიმალისტურ პოზიციებზე, რასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში უცვლელად ითხოვენ. პუტინის გეგმის მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩავარდნა ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა დაჰბრალდეს, რაც გააღრმავებს განხეთქილებას ნატოელ მოკავშირეებში.
დასავლური დაზვერვების ცნობით, პუტინი, გეგმის საწყის ეტაპზე, წარმატებას აღწევს - დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულმა დიპლომატიურმა პროცესმა, უკრაინაში ომის სასურველ დასასრულთან დაკავშირებით, ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოზიციები უკვე გახლიჩა.
სავარაუდოა, რომ კიდევ ერთი გადაულახავი წინააღმდეგობის საკითხი უკრაინის არმიის საკითხი იქნება - პუტინმა უკრაინის "დემილიტარიზაცია" ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად გამოაცხადა, რაც, რეალურად, უკრაინული არმიის ზომის შემცირებასა და სხვადასხვა შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვას გულისხმობს.
კონტექსტი
იმის შესახებ, რომ რუსეთი არ არის მზად რეალური დათმობებისთვის მეტყველებს თავად ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ, ლავროვის საჯარო განცხადებებიც.
დასავლური მედიების ცნობით, მიმდინარე კვირას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა, თუმცა ცნობები ჯერჯერობით არ არის ოფიციალურად დადასტურებული.
თუ კი ცნობები დადასტურდება ეს უიტკოფისა და პუტინის მეორე შეხვედრა იქნება - Axios-ის ცნობით, შეხვედრა 13 მარტსაა ჩანიშნული.
პარალელურად დღეს, 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის - ეს 28 თებერვალს თეთრ სახლში გამართული სკანდალური შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი ოფიციალური შეხვედრაა.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა სტივ უიტკოფიც, თუმცა გავრცელებულ ფოტოებზე მხოლოდ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და მრჩეველი, მაიკ უოლცი ჩანან.
უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი, მისი მოადგილე, პავლო პალისა, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.
დასავლური მედიის ცნობით, შეხვედრის პირველი რაუნდი უკვე დასრულებულია და მხარეები მცირეხნიან შესვენაბაზე გავიდნენ - კონფერენციის დარბაზიდან გამოსულმა მაიკ უოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეები მიიწევენ დასახული მიზნისკენ.