დაუთი: მთავრობის ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს პარტნიორობას

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აშშ-სა და ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხზე გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და რეჟიმის მიერ სამოქალაქო სექტორზე ზეწოლასა და მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. 

დაუთის განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს

"საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ.

ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას შექმნან თანამედროვე და ინკლუზიური საზოგადოება და ჰქონდეთ ევრო-ატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას", - განაცხადა დაუთმა. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის დიდი ბრიტანეთი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას მიიღებს, რათა საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას მხარი დაუჭიროს. 

მსგავსი სიახლეები