დესანტისის თქმით, პუტინი "ომის დამნაშავეა" და უკრაინა ომს მოიგებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "ომის დამნაშავეა". ეს მოსაზრება პირს მორგანთან ინტერვიუში ფლორიდის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა გამოთქვა.

17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციაში .

მორგანმა დესანტისს ჰკითხა, მხარს უჭერს თუ არა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

დესანტისმა უპასუხა, რომ პუტინი "ომის დამნაშავეა და მან პასუხი უნდა აგოს."

ფლორიდის გუბერნატორმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა საბოლოოდ მოიგებს ომს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

დესანტისმა თქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონები და ყირიმი "სავარაუდოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩიხში დარჩებიან", მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ეს პუტინის გამარჯვებით დასრულდეს."

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება არ დაემხობა და "ეს კარგია."

13 მარტს Fox News-ზე დესანტისმა განაცხადა, რომ "უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში შემდგომი ჩართვა" არ არის შეერთებული შტატების "სასიცოცხლო ეროვნული ინტერესებში."

ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დესანტისი კიევში მიიწვია, რათა "უკეთ გაიგოს რა არის რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია და ის საფრთხეები, რომლებსაც ის უქმნის აშშ-ის ინტერესებს."

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის პრეტენდენტად განიხილება. უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ის მხოლოდ დონალდ ტრამპს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები