"დიდი შვიდეული" უკრაინის უსაფრთხოების ერთობლივ გარანტიებს გამოაცხადებს
G7-ის ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს გამოაცხადებენ, რასაც ომის ამჟამინდელი ეტაპის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ.
ამ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით, Європейська правда ავრცელებს.
გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიულს უწოდებენ, უკვე მომზადებულია და თითქმის შეთანხმებულია. ხელმოწერის ცერემონია ოთხშაბათს ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება.
"ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელს G7-ის ყველა წევრი მოაწერს, განსაზღვრავს მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის ფორმატს უახლოეს წლებში, რათა დასრულდეს ომი, ასევე შეაკავოს ან მოიგერიოს ნებისმიერი შემდგომი აგრესია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნებმა ასეთ ყოვლისმომცველ შეთანხმებას მიაღწიეს." - წერს გამოცემა.
გარდა ამისა, ერთობლივი დეკლარაციის ხელმომწერები უზრუნველყოფენ უკრაინის გრძელვადიან ორმხრივი უსაფრთხოების ვალდებულებებს, რომლის მიზანი იქნება "აშენდეს უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა ახლა და მომავალში."
დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, პარტნიორები გამოაცხადებენ უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტ დახმარებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სადაზვერვო ინფორმაციის უფრო ფართო და სწრაფ გაზიარებას და მხარდაჭერას კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, უკრაინელი სამხედროების სასწავლო პროგრამების გაფართოებას და უკრაინის ინდუსტრიის განვითარებას.
"ჩვენ არ დავუშვებთ იმის განმეორებას, რაც უკრაინაში მოხდა და ეს განცხადება ადასტურებს ჩვენს მზადყოფნას უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა რუსეთის ახალი ბარბაროსული ქმედებების მიმართ მომავალში დაუცველი არ დარჩეს. უკრაინის ნატოსკენ სვლის მხარდაჭერა, ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან და ნატოს წევრი ქვეყნების უზარმაზარ მხარდაჭერასთან ერთად, ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და დააბრუნებს მშვიდობას ევროპაში," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.
ნატო-უკრაინის საბჭოს პირველ სხდომაზე ის აპირებს მიესალმოს მოკავშირეების გადაწყვეტილებას უკრაინის ნატოში შესვლის პროცედურის გამარტივებაზე და აღნიშნავს, რომ უკრაინა ძალიან სწრაფად ადაპტირდება ალიანსის სტანდარტებზე და კიდევ უფრო ზრდის თავსებადობას და მზადყოფნას.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს: 70 ერთეული საბრძოლო და ლოგისტიკური აღჭურვილობა (მათ შორის, ჯავშანმამქანა CVRT), ათასობით ჭურვი Challenger 2-ის ტანკისთვის და დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარი სამხედრო აღჭურვილობის შესაკეთებლად.
ეს თანხა ასევე დაიხარჯება მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, იგი იმუშავებს ამ სფეროში წამყვან ბრიტანულ ცენტრთან, სტენფორდ ჰოლთან პარტნიორობით, ყველა წევრი ქვეყნის სპეციალისტების მხარდაჭერით.