დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერად აირჩიეს

 

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი პოლონეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, სამოქალაქო პლატფორმის ლიდერად აირჩიეს.

ტუსკს ოპონენტი არ ჰყავდა და მან ხმების 97% მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა პარტიის აქტივისტების 73.3%-მა მიიღო.

ტუსკი წარსულში ევროპული საბჭოს და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის პოზიციებს იკავებდა. ზაფხულში ტუსკმა განაცხადა, რომ ის პოლონეთის შიდა პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავდა, რათა ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტია კანონი და სამართალი დაემარცხებინა.

წინა კვირაში ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებმა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმსჯელეს, რომლითაც ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის შეთანხმებებზე ზემდგომად გამოცხადდა.

ამის საპასუხოდ ევროკავშირმა პოლონეთისთვის პოსტ-კოვიდ აღდგენის დახმარების გაცემა დროებით შეაჩერა.

შაბათს ტუსკმა ჟურნალისტებს ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ უთხრა, რომ ევროკავშირის დახმარებას აუცილებლად მიიღებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მმართველ კანონისა და სამართლის პარტიას მოსახლეობის 39% უჭერს მხარს, ტუსკის სამოქალაქო პლატფორმას კი - 26%.

 

 

მსგავსი სიახლეები