დონბასელი სეპარატისტები: ჩვენ სპეცძალებმა აზოვსტალის შტურმი დაიწყეს
დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის, ედუარდ ბასურინის თქმით, მათმა სპეციალურმა დანაყოფებმა მარიუპოლში აზოვსტალის საწარმოს შენობის შტურმი დაიწყეს.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ის შემტევი ნაწილები, რომლებიც ამ მისიისთვის შეარჩიეს უკვე შეუდგნენ მუშაობას",- თქვა ბასურინმა.
გარდა ამისა ბასურინმა უკრაინული ფეიკი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საწარმოს შენობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდა თავს აფარებენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან მოყოლებული პრაქტიკულად სრულ ალყაშია. ამ დრომდე ქალაქს მოხალისეობრივი ბატალიონი აზოვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადა იცავს.
მძიმე დანაკარგების მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დრომდე ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის რამდენიმე უბანზე, მათ შორის ერთ-ერთი აზოვსტალის მსხვილი საწარმო, რომელიც ქალაქის პორტთან ახლოს მდებარეობს.
მარიუპოლში შექმნილ რთულ ვითარებაზე ყოველდღიურად საუბრობენ როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო თანამდებობის პირები. გასულ კვირას გავრცელდა 36-ე ქვეითი ბრიგადის კაპიტნის მიმართვა, რომელშიც ის ამბობდა, რომ ვითარება კრიტიკული იყო.
უკრაინულმა მხარემ რუსეთს მათ მიერ დაპატიმრებული ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლა შესთავაზა მარიუპოლის მცველებსა და მოსახლეობაში. რუსეთის მხრიდან ამ შეთავაზებაზე რეაქცია ამ დრომდე არ ყოფილა.