დუდა: იმედი მაქვს პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი აღარ იქნება
3 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პოლონეთის კონსტიტუციის მიღებიდან 231 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის ტექსტი პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
დუდამ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე და უკრაინისა და პოლონეთის ერთობლივ ისტორიაზე ისაუბრა. მან გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინისა და პოლონეთის ურთიერთობის ისტორიას განსაკუთრებული განვითარება აქვს, ხოლო ქვეყნების გაერთიანების ფონზე "ისტორიული საკითხები უმნიშვნელოდ ჩანს".
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ისტორია ბოლო საუკუნეებში მარტივი არ ყოფილა.
დუდამ ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთის სახელმწიფო სამსახურებს და ქვეყნის ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული ნაბიჯებისკენ.
"გამოწვევების დრო, რომლის მოწმენი ვართ, დაიწყო, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა", - თქვა მან და გააფრთხილა პოლონელები, რომ წინ "კიდევ ბევრი სირთულე და საზრუნავია", რადგან სანქციების პოლიტიკა მიზნად ისახავს აიძულოს რუსეთის ფედერაცია შეაჩეროს აგრესია და "ძვირია".
"ჩვენ უნდა გადავურჩეთ ამას, უნდა გავატაროთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის თანამედროვე გამოწვევა, რომელიც განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფებს ეხება", - განაგრძო დუდამ.
მისი თქმით, ეს ასევე ეხება პასუხისმგებლობას რეგიონის მომავალზე და უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.
”მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ისევე, როგორც ჩვენ შევძელით ჩვენი მეზობლების მიღება, ჩვენ შევძლებთ მათ დაცვას, რათა ომის დასრულების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ჩვენ დავეხმაროთ მათ უკრაინის აღდგენაში: თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი. უკრაინა, რომელიც, ვიმედოვნებ, ათწლეულების განმავლობაში, და შესაძლოა, ღმერთმა ქნას, საუკუნეების განმავლობაში იყოს ძმური სახელმწიფო და როგორც იმედი მაქვს, წინასწარმეტყველურად თქვა ზელენსკიმ, რომ ჩვენს ქვეყნებს - პოლონეთსა და უკრაინას შორის საზღვარი აღარ იქნება. ეს საზღვარი რეალურად არ არსებობს. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ამ დედამიწაზე, ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო ბედნიერებას და საერთო ძალას, რაც მოგვცემს საშუალებას მოვიგერიოთ ნებისმიერი საფრთხე“, - აღნიშნა დუდამ.