ძლიერი ხანძარი ჰავაიზე: დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰავაის კუნძულებზე, კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100 ადამიანს გადააჭარბა.
"უკვე 101 ადამიანი დაიღუპა," - განაცხადა შტატის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა 15 აგვისტოს.
მაშველები დამწვარი სახლების ფერფლში ადამიანების ცხედრებს ეძებენ, პროცესში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც მონაწილეობენ. გრინმა აღნიშნა, რომ საბოლოო მსხვერპლი გაცილებით მაღალი იქნება და შეიძლება უახლოეს დღეებში გაორმაგდეს ან გასამმაგდეს.
ერთი კვირის წინ კუნძულ მაუიზე გაჩენილი ხანძარი შეერთებულ შტატებში ბოლო საუკუნის ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარია. სტიქიამ ისტორიული ქალაქი ლაჰაინა გაანადგურა: 2200 შენობა, ძირითადად საცხოვრებელი კორპუსები, მთლიანად დაიწვა ან დაზიანდა, ასევე დაიწვა 850 ჰექტარი მიწა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს შეფასებით, ლაჰაინას აღსადგენად 5.5 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.
აშშ-ის ხელისუფლება თვლის, რომ კუნძულ მაუის ტყის ხანძრის დამანგრეველი შედეგები განპირობებული იყო ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის საკომუნიკაციო სისტემაში შეფერხებებით და ქარიშხლით, რომლის სიჩქარეც 130 კმ/სთ იყო.
გუბერნატორმა ჯოშ გრინმა და ჰავაის გენერალურმა პროკურორმა ენ ლოპესმა განაცხადეს, რომ იკვლევენ დროულად იყო თუ არა საზოგადოება გაფრთხილებული ხანძრის საფრთხის შესახებ.
Reuters-ის ცნობით, სირენები, რომლებიც ხანძრის დროს განგაშის სიგნალს იძლევიან, არ მუშაობდა. მობილურ ქსელში არსებულმა პრობლემებმა და ელექტროენერგიის გათიშვამ ხელი შეუშალა ადამიანების სხვა გზით გაფრთხილებას.