ეჰუდ ბარაკი: ჰამასის განადგურება არარეალური სამხედრო ამოცანაა
ბრიტანული გამოცემა The Economist-ი ეჰუდ ბარაკს, ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ესაუბრა, რომელმაც კრიტიკულად შეაფასა ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებები.
ბარაკს მიაჩნია, რომ 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმა, ისრაელის "ისტორიაში ყველაზე დიდი ჩავარდნაა," რაზეც პასუხისმგებლობა მოქმედ პრემიერს, ბენიამინ (ბიბი) ნეთანიაჰუს ეკისრება.
ბარაკი ემხრობა ღაზის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას, თუმცა მოუწოდებს მთავრობას, რომ არ აჩქარდეს და მიეცეს ყველა რეზერვისტს, შესაბამისი გადამზადების გავლის შესაძლებლობა, რაც მისი აზრით, გამარჯვების საწინდარია.
"ჰამასისგან ეგზისტენციალური საფრთხე არ გვემუქრება. 2-დან 6 კვირამდე დაჭირდება, რომ ისრაელმა გაიამრჯვოს,"- ამბობს ეჰუდ ბარაკი.
მან ჰეზბოლას ფაქტორზეც საუბრის დროს აღნიშნა, რომ ახლა ისრაელის ინტერესში მათზე თავდასხმა ჩრდილოეთის ფრონტის გახსნა არ შედის, შესაბამისად, ამ მიმართულებით სამხედრო აქტიურობა ნაკლებად წარმოუდგენია.
ეჰუდ ბარაკისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ნეთანიაჰუს განცხადება, სადაც მან ჰამასის განადგურებაზე ისაუბრა.
"რას ნიშნავს ეს განცხადება? არაინ დარჩება, ვინც ჰამასის იდეოლოგიას მხარს დაუჭერს? ეს გახლავთ არარეალური სამხედრო ამოცანა. ისრაელის მიზანი ახლა მკაფიო უნდა იყოს - ჰამასს არ უნდა ჰქონდეს დაეშის მსგავსი სამხედრო შესაძლებლობები."
ისრაელის ყოფილ პრემიერს მიაჩნია, რომ სამხედრო ოპერაციის წარმატებით ჩატარებისა და ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითების შემდეგ, ოპტიმალური გამოსავალი, ღაზის სექტორში პალესტინის ხელისუფლების აღდგენა იქნება.
თუმცა, იგი პრობლემურად უყურებს მაჰმუდ აბასის დაბრუნების შესაძლებლობას, "ისრაელის ხიშტების" ფონზე.
"ისრაელმა ღაზაში უნდა შეუშვას არაბული სამშვიდობო ძალები, რომელიც შესაძლოა დაკომპლექტდეს ეგვიპტის, მაროკოსა და არაბთა გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლებისგან. მათ უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება იქამდე, სანამ პალესტინის ხელისუფლება ძალაუფლებას აიღებს,"- თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ არაბულ ქვეყნებს საკუთარი სამხედროების ჩართვა სურდეთ.
ეჰუდ ბარაკს ასევე მიაჩნია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს არასწორი სტრატეგია ჰქონდა არჩეული, რაც ჰამასის "შენარჩნებასა" და "გამოყენებას" გულისხმობს, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის წინააღმდეგ.