ერ-რიადში რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ, რუბიო ევროპელ კოლეგებს ამშვიდებდა

საუდის არაბეთში რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრები გამართა ევროპელ კოლეგებთან - ამერიკელი დიპლომატი შეეცადა ევროპელები დაერწმუნებინა, რომ მიმდინარე პროცესი არ წარმოადგენს ამერიკული პოლიტიკის მკვეთრ გადახვევას. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს

წყაროს ცნობით, რუბიო ესაუბრა იტალიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ევროპელ კოლეგებთან საუბარში ხაზს უსვამდა, რომ ერ-რიადში გამართული შეხვედრა იყო პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ გაეგოთ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმებისკენ. 

რუბიომ ასევე განუცხადა ევროპელ კოლეგებს, რომ თეთრი სახლი არ აპირებს თავს მოახვიოს უკრაინასთან რუსეთთან ორმხრივი შეთანხმებები. გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას, თუ კრემლის ქცევაში დადებით ცვლილებებს ვერ დაინახავენ - ამასთანავე, რუბიომ არ გამორიცხა ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა დადებითი დინამიკის შემთხვევაში. 

ამასთანავე, რუბიომ ევროპელებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტრამპის გუნდში კარგად ესმით, რომ ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები კრემლმა შესაძლოა დასავლელ მოკავშირეებში განხეთქნილების შესატანად გამოიყენოს. 

გამოცემის ცნობით, რუბიოს გზავნილები ევროპელებთან დახურულ საუბრებში ბევრად უფრო ფრთხილი და მოზომილი იყო, ვიდრე ტრამპის გუნდის ზოგი წარმომადგენლის საჯარო განცხადებები. 

საუბრის ნაწილი დაეთმო იმას, თუ რატომ არ იყვნენ ჩართულები ევროპელები და უკრაინელები ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებში - რუბიოს განმარტებით ამის მიზეზი ის იყო, რომ პირველი შეხვედრა ძირითადად რუსეთ-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების საკითხების მოგვარებას ეთმობოდა. 

მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობების სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და მუდმივი კავშირის აღდგენას. სახელმწიფო მდივნის აზრით, საელჩოების საქმიანობის სრულფასოვნად აღდგენის შესახებ ერ-რიადში მიღწეული შეთანხმების შესრულება იქნება პირველი სერიოზული ტესტი იმის გასარკვევად, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს კრემლი მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს. 

ამასთანავე რუბიომ განმარტა, რომ ჯერჯერობით რთული დასადგენია კრემლის განწყობები, თუმცა შეხვედრამ დადებითად ჩაიარა. 

წყაროების ცნობით, საუბრის დასასრულს რუბიო ევროპელ კოლეგებს დაჰპირდა, რომ ისინი მიმდინარე პროცესის საქმის კურსში იქნებიან და მათ ერთიანობისკენ მოუწოდა. 

მსგავსი სიახლეები