ერდოღანმა რუსეთს მოუწოდა "კონსტრუქციულად უპასუხოს" აშშ-ს წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზე
.jpg)
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, რომელიც უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრაზე შეჯერდა და რუსეთს მოუწოდა მას დაეთანხმოს.
ამის შესახებ ერდოღანმა 12 მარტს, ანკარაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თურქეთის ლიდერმა უკრაინის მიერ საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებას "პოზიტიური და მნიშვნელოვანი" უწოდა.
"ახლა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი კონსტრუქციულ რეაგირებას მოახდენს ამ ნაბიჯზე," - აღნიშნა მან.
თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ანკარის მზადყოფნა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებს, რათა "ნებისმიერი წვლილი შეიტანოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში."
კონტექსტი
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შემოღებას, თუ რუსეთიც გადადგამს ასეთ ნაბიჯს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს გადასცემს "ცეცხლის შეწყვეტის" წინადადებას და იმედოვნებს მისი თანხმობის მიღებას.
მხარეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ აღდგება უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ 28 თებერვლის შემდეგ შეაჩერა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ "ბურთი რუსეთის მოედანზეა და ცეცხლის შეწყვეტაზე მათი მხრიდან უარი მრავლისმეტყველი იქნება."
Bloomberg-ის ცნობით, კრემლში უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მიღწეულ შეთანხმებას მიუღებლად მიიჩნევენ და საპასუხო პირობების წამოყენებას გეგმავენ.
წყაროების ცნობით, სავარაუდოა, რომ პუტინი მაქსიმალურად გააჭიანურებს შეთანხმების მიღწევის ვადებს, რათა მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან უკეთესი პოზიციები ჰქონდეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის, რომ შეერთებული შტატები მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს, თუ რუსეთი უარს იტყვის საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოელის, როზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას არ აქვს ილუზია, რომ რუსეთი დაიცავს რაიმე შეთანხმებას, მაგრამ საჭიროდ ჩათვალა დათანხმებოდა ამერიკული მხარის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ, რათა ხელი არ შეეწყო პროპაგანდისტული ნარატივისთვის, თითქოს უკრაინას საერთოდ არ სურს ომის დასრულება.
"არაერთხელ აღვნიშნე: არცერთი ჩვენგანი არ ენდობა რუსებს - ჩვენ ეს გავიარეთ. მაგრამ ჩვენ არ ვითამაშებთ ნარატივებთან, რომ არ გვინდა ომის დასრულება, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოში ავრცელებს. მე ძალიან სერიოზული ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ომის დასრულება. მინდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაინახოს ეს, ამერიკელებმა დაინახონ და იგრძნონ ეს. და იმისთვის, რომ ევროპა და ყველა შეთანხმდნენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი," - განმარტა ზელენსკიმ.