ერევანში საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ერევანში საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ისინი მთავრობის შენობის შესასვლელის გადაკეტვას ცდილობდნენ, რათა დეპუტატები და თანამდებობის პირები არ შეეშვათ.

ამ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.

დაკავებულთა შორის არის სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ვაჟი. მისი ადვოკატის თქმით, ლევონ ქოჩარიანს დაკავებისას პოლიციამ სცემა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დააკავეს აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი ანდრანიკ თევანიანი, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან უკვე გაათავისუფლეს.

ერევანში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება. ისინი მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის პირობებით ზავს დაეთანხმა. არაღიარებულ რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ითხოვენ.

გუშინ, აქციაზე ოპოზიციამ ერევნის ქუჩების გადაკეტვა მოითხოვა მანამ, სანამ პაშინიანი არ გადადგება.

"გარწმუნებთ, რომ დისციპლინირებული და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოხდება ძალიან მოკლე დროში, თუნდაც რამდენიმე დღეში," - განაცხადა ანდრანიკ ტევანიანმა.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პედაგოგები (გაფიცულები - რედ.): ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტი, სომხურ-რუსული უნივერსიტეტი, სომხეთის ფრანგული უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერევნის ფილიალი, ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი და ბრაუსოვის უნივერსიტეტი.

მსგავსი სიახლეები