"ერთ-ერთი მძიმე დარტყმა",- რა ვიცით ЗСУ-ს დარტყმებზე ბერდიანსკა და ლუჰანსკში
17 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ზუსტი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ოკუპირებული ბერდიანსკისა და ლუჰანსკის სამხედრო აეროდრომებზე.
უკრაინის სპეციალური ძალების ინფორმაციით, ოპერაცია Dragonfly-ის ფარგლებში განადგურებულია რუსეთის არმიისს 9 ვერტმფრენი, 1 საზენიტო კომპლექსი და ტყვია-წამლის საწყობი.
Z-ბლოგერებმა და ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებმა ЗСУ-ს სარაკეტო შეტევა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერთ-ერთ უმძიმეს დარტყმად" მონათლეს.
შეტევიდან მალევე Z-ბლოგერები წერდნენ, რომ დარტყმა ATACAMS-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით განხორციელდა. მალევე ახალ შეიარაღების მიღებაზე მიანიშნა უკრაინის პრეზიდენტმაც - "მადლობას ვუხდი პარტნიორებს ეფექტური შეიარაღებისთვის, რომელზეც შეთანხმება უკვე მიღწეული გვქონდა."
ცოტა ხნის წინ Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინამ გასულ დღეებში აშშ-სგან ATACMS-ის ტიპის რაკეტების პარტია მიიღო. წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ ტიპის რაკეტებით განხორციელდა შეტევა ბერდიანსკისა და ლუჰანსკის აეროდრომებზე.
რა ვიცით
აფეთქებების შესახებ პირველი ცნობები Z-ბლოგერების წრეში დილიდანვე გამოჩნდა. ტელეგრამ არხი 2 მაიორი წერდა, რომ შეტევა აეროდრომებზე იყო მასირებული და ჯამურად საუბარი იყო 40 რაკეტაზე.
"ჩვენი აეროდრომების დაუცველობით გამოწვეული უარყოფითი გამოცდილება არც ამჯერად იყო გათვალისწინებული",- წერდა ბლოგერი.
"აეროდრომს მიადგა გარკვეული ზარალი",- წერდა სამხედრო ბლოგერი ბორის როჟინი.
"დილა მშვიდობიანი არ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას",- წერს ტელეგრამ არხი FlightBomber, რომელსაც რუსეთის ავიაციის თადარიგის მფრინავი მართავს.
მოაგვიანებით შეტევის ფაქტი დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომმა. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ დარტყმის შედეგად დაზიანდა რუსეთის ტაქტიკური ავიაციის ვერტმფრენები.
მოგვიანებით რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელდა დაახლოებით 1-წუთიანი ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ დარტყმის შედეგებია ასახული - "საბრძოლო მასალების აფეთქება დაიწყო",- ამბობს კადრს მიღმა ხმა.
რამდენიმე საათის წინ შეტევას გამოეხმაურა უკრაინის სპეციალურ ძალების დანაყოფი. სამსახურის სამმართველოს ცნობით, შეტევის შედეგად განადგურებულია სხვადასხვა მოდიფიკაციის 9 ვერტმფრენი, საზენიტო კომპლექსის გამშვები პუნქტი, აეროდრომზე განლაგებული სპეცტექნიკა, ტყვია-წამლის საწყობი და დაზიანებული აეროდრომის საფრენი ბილიკი.
კონტექსტი
ბერდიანსკის აეროდრომი უკრაინის ოკუპირებულ სამხრეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტია, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ზაპორიჟიის საბრძოლო თეატრში.
აეროდრომის უკანასკნელი სატელიტური ფოტოების მიხედვით ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა საფრენი აპარატების დამცავი კონსტრუქციების მშენებლობა. უშუალოდ ქალაქი ბერდიანსკი ფრონტის ხაზიდან 80 კილომეტრითაა დაშორებული.
აგვისტოში გადაღებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, აეროდრომზე ვერტმფრენების რამდენიმე ესკადრილია იყო განლაგებული, მათ შორის საუბარია K-52 'ალიგატორის' ტიპის ვერტმფრენები, რომელსაც რუსეთის არმია აქტიურად იყენებს უკრაინული კონტრიერიშის შესაჩერებლად ზაპორიჟიაში.