ესპანეთი უკრაინას პირველ 6 Leopard-ის ტანკს მომავალი კვირის ბოლომდე გაუგზავნის

ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4-ის საბრძოლო ტანკების პირველ პარტიას მომავალი კვირის ბოლომდე გაუგზავნის. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტროს თქმით, ექვსმა Leopard 2A4-მა უკვე გაიარა საბოლოო შემოწმება სევილიის მახლობლად მდებარე ქარხანაში.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი ხუთშაბათს ქარხანას ეწვია და თქვა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი კიდევ ოთხი Leopard 2A4 მალე ჩავა იქ ტესტირებისთვის.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების პირველმა ჯგუფმა, რომლებმაც ესპანური ტანკების მართვა ისწავლეს, სწავლება ჩრდილოეთ ესპანეთის სამხედრო ბაზაზე დაასრულეს.

თავდაპირველად ესპანეთი უკრაინისთვის ექვსი Leopard-ის ტანკის გაგზავნას გეგმავდა. ამის შემდეგ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევს რუსეთის ინტერვენციის წლისთავზე ეწვია და გამოაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინას 10 ასეთ ტანკს მიაწოდებს. 

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა მარტში, რამშტაინის შეხვედრაზე განაცხადა, რომ მხოლოდ ცხრა ქვეყანისგან უკრაინა ჯამში 150-ზე მეტ Leopard-ის ტანკს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები