ესტონეთი რუსეთის საზღვართან ახალ ბარიერებს ააშენებს
ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე დროებით ბარიერებს ააშენებს, ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა.
ამასთანავე, ქვეყნის არმიამ რუსეთის საზღვართან წვრთნები დაიწყო და ახალ ბარიერებთან 1700 რეზერვისტის განთავსებას გეგმავს. ესტონეთს ბელარუსთან საზღვარი არ აქვს, თუმცა პოლონეთი და სხვა ევროპული ქვეყნები მიგრანტების კრიზისში რუსეთს ადანაშაულებენ და ჰიბრიდული საფრთხეები ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია.
კრემლი ბრალდებებს უარყოფს.
"პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში განვითარებული მოვლენები ჩვენგანაც მოითხოვს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას", - თქვა ელმარ ვაჰერმა, ესტონეთის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა.
ესტონეთის მთავრობის განცხადებით, ბარიერები რუსეთთან საზღვრის იმ მონაკვეთებზე აშენდება, რომლებსაც წარსულში არალეგალი მიგრანტები და კრიმინალები იყენებდნენ.
წინა კვირაში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სასაზღვრო კრიზისი შესაძლოა სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.