ესტონეთის გენშტაბის უფროსი: უკრაინის უპირატესობა დრონებით დარტყმებია

ესტონეთის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი მარტ ვენდლა თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შორ დისტანციაზე მოქმედი არტილერიითა და დარტყმის სიზუსტით რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჯაბნის.

ამის შესახებ ვენდლამ გადაცემა Ukraina Stuudio-ში, ტელეკომპანია ETV-ს ეთერში ისაუბრა.

პოლკოვნიკმა სამხედრო ოპერაციებს "საკმაოდ მრავალფეროვანი" თეატრი უწოდა, 1000 კმ-ზე მეტი სიგრძით, სადაც "ხერსონის მიმართულებით, მტრის თავდაცვას დიდად ეხმარება დიდი, განიერი მდინარე, რომლის გადაკვეთაც რთულია."

"ზაპორიჟიეს მიმართულება, ცხადია, დაეხმარება უკრაინელებს მიაღწიონ თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს - ყირიმის დაბრუნებას, რომლის საფუძველია სახმელეთო კომუნიკაციების გაწყვეტა," - განაცხადა ვენდლამ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ "თუ სხვა რეგიონებში არის საშუალოდ 400 თავდაცვითი ნაგებობა, ზაპორიჟიეს მიმართულებით იყო 1400", რაც, მისი აზრით, "დაცვის სიღრმის მასშტაბზე მიუთითებს". ამიტომ, "უკრაინის წინაშე მდგარი ამოცანა ძალიან სერიოზულია."

ვენდლას თქმით, "უკრაინას შეუძლია ყველა თავისი საშუალება რუსებზე უკეთ, უფრო ზუსტად გამოიყენოს, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო დაზვერვა შედარებით კარგ მდგომარეობაშია და, შესაბამისად, ჯარების ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა."

მან ასევე აღნიშნა "საკმაოდ დამაიმედებელი ფაქტი," რომ "700 კმ მანძილზე რუსეთი ვერ იცავს საკუთარ სადესანტო გემს." მისი აზრით, ეს ნიშნავს, რომ "რუსეთის ფედერაციის უნარს, დაიცვას თავისი ინფრასტრუქტურა შავ ზღვაში, რეალურად საკმაოდ მძიმე ზიანი მიადგა."

"თუ ვსაუბრობთ დრონებზე, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავს, მაშინ ეს ძირითადად მცირე მასის, ზომისა და სიმძლავრის დრონებია. მაგრამ ამავე დროს, ისინი აღწევენ თავიანთ მიზანს და მოსკოვში ფრონტის განცდა მიაქვთ," - თქვა ვენდლამ.

მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ ეს უპილოტო თვითმფრინავები, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვეს და ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმების უკან.

"ყოველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოსკოვში აფეთქებები თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა, მაინც აღსანიშნავია. ეს აჩვენებს, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სტრუქტურა არ შეესაბამება თანამედროვე საფრთხეებს." - აღნიშნა ვენდლამ.

მსგავსი სიახლეები