ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გადადგა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს, და მისმა მთავრობამ, გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ ალარ კარისს 15 ივლისს წარუდგინეს.
ამის შესახებ ERR წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს კალასის მთავრობა რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა, რომელზეც პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა გადადგნენ.
სანამ ახალი მთავრობა არ დამტკიცდება, კალასი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.
მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავრობა საკმაოდ სწრაფად ჩამოყალიბდება.
კაია კალასი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის იანვრიდან იკავებდა.
კალასი პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებას გადასცემს
29 ივნისს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კლიმატის მინისტრი კრისტენ მიხალი აირჩიეს, რადგან კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გახდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ამ პოსტზე ჟოზეპ ბორელს ჩაანაცვლებს.
მოსალოდნელია, რომ მიხალის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა მუშაობას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაიწყებს.