EU-ს სამიტის მთავარი თემა უკრაინის ფინანსური დახმარება იქნება
1 თებერვალს ევროპის კავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ უკრაინის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტზე, რომლის დამტკიცებასაც უნგრეთმა შეუშალა ხელი.
გასული წლის დეკემბერში უნგრეთმა ევროპული გაერთიანების გრძელვადიანი ბიუჯეტი, მათ შორის უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, დაბლოკა - „ევროპის კავშირის სტრატეგიული ინტერესების სრული უპატივცემულობითა და წრფელი თანამშრომლობის პრინციპის დარღვევით“.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის უკრაინისთვის 4 წლიანი ფინანსური დახმარების დამტკიცებას დათანხმდება იმ შემთხვევაში, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები კიევისთვის დახმარების გაგრძელების საკითხს ყოველწლიურად განიხილავენ და კენჭს უყრიან.
The Financial Times-ის ინფორმაციით, თუ ვიქტორ ორბანი უკრაინის დახმარების საკითხს კიდევ ერთხელ დაბლოკავს, ბრიუსელი საპასუხო ზომებს მიმართავს, რაშიც უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტა და ქვეყნისთვის მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენება იგულისხმება. ევროპის კავშირის სტრატეგიის თანახმად, სამიზნე უნგრეთის ეკონომიკის სუსტი მხარეები გახდება - ეროვნული ვალუტა და ფინანსური არასტაბილურობით ინვესტორების „შეშინება“.
1 თებერვლის სამიტის მთავარი თემა უკრაინის დახმარება და მასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა იქნება, თუმცა პარალელურად, ისრაელ-ჰამასის ომის და ევროპის უსაფრთხოების საკითხების შესახებაც იმსჯელებენ.
გერმანია და ლიეტუვა მიიჩნევენ, თუ უკრაინასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, რუსეთის ფედერაციის მიერ NATO-ს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდება. შესაბამისად, თავდაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ევროპის კავშირის მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც 2 და 3 თებერვალს გაიმართება, სამხედრო ოპერაციებსა და უსაფრთხოების პოტენციურ გამოწვევებსაც განიხილავენ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევისთვის დახმარების გაწევის თემის განხილვამდე, რომელიც ევროპის კავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილია, სამიტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ 1 თებერვლის სამიტამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, შვედეთს ეწვია. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.