ევროკავშირი ბრიტანეთს ჩრდ. ირლანდიაში საბაჟო კონტროლის შემსუბუქებას სთავაზობს
ევროკავშირმა გაერთიანებულ სამეფოს საბაჟო კონტროლის გამარტივება შესთავაზა იმ ბრიტანულ საქონელზე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.
ევროკავშირის წინადადება დიდი ბრიტანეთის „ბრექსითის“ მინისტრის, დევიდ ფროსტის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც „პროტოკოლის“ - ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ ბრიუსელსა და ლონდონს შორის დადებული ხელშეკრულების - გადასინჯვა მოითხოვა.
ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხი საჩოთირო „პროტოკოლით“ გათვალისწინებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა გახადა, რომლის ძალითაც ბრიტანეთის კუნძულიდან ბელფასტში შესულ საქონელს ირლანდიის ზღვის პორტებში საბაჟო კონტროლის გავლა უწევს.
აღნიშნული პრაქტიკა ბრიუსელის მოთხოვნით დაინერგა, რათა არ დარღვეულიყო „ერთიანი ბაზრის" პრინციპი - ჩრდილოეთ ირლანდიიდან ევროკავშირის წევრ ირლანდიის რესპუბლიკაში ტვირთი საბაჟო შემოწმების გარეშე აღწევს.
ევროკავშირი უარს ამბობს „პროტოკოლის“ სრულად გაუქმებაზე, მაგრამ შეთანხმების გადახედვას არ გამორიცხავს.
„ჩვენ მოვუსმინეთ დაინტერესებულ მხარეებს ჩრდილო ირლანდიიდან. ჩვენი შეთავაზება სწორედ მათ წუხილს პასუხობს“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ „პროტოკოლით“ უკმაყოფილებამ, შესაძლოა, კვლავ გააღვიძოს ჩრდილოეთ ირლანდიის კათოლიკე და პროტესტანტ თემებს შორის დაძაბულობა, და ჩრდილი მიაყენოს 1998 წელს დადებულ „წითელი პარასკევის“ შეთანხმებას.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2020 წლის იანვარში დატოვა, რის შემდეგაც აღარ არის წევრ ქვეყნებს შორის საბაჟო კავშირის წევრი.