ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების ორი მესამედით შემცირებას აპირებს
ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ორი მესამედით შემცირებას აპირებს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთიდან გაზის იმპორტზე უარის თქმა იქნება შესაძლებელი.
„მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია“, - ამბობს ტიმერმანსი.
ამჟამად რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 40 %-ს აკმაყოფილებს
იმ ფონზე, როცა დასავლეთი რუსეთისთვის ნავთობის და გაზის ემბარგოს დაწესებას განიხილავს, ბრიუსელში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირების ზომებზე მსჯელობენ.
ევროკომისია თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდაზე, ბუნებრივი აირის საცავების მოცულობის გაზრდას, წყალბადის ენერგეტიკასა და ენერგიის განახლებად წყაროებში ინვესტირებას განიხილავს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესებამ ევროკავშირის ლიდერებს შორის უთანხმოება გამოიწვია.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, „არსებული მდგომარეობით“ რუსეთიდან იმპორტის გარეშე ევროპის ენერგომოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელია.