ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამის გაფართოებას გეგმავს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მომზადების პროგრამის მნიშვნელოვნად გაფართოების ინიციატივით გამოვიდა.
ამ ინფორმაციას Suddeutsche Zeitung ავრცელებს.
ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო პროგრამის გაფართოების განხილვას ითხოვს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების მოქმედი გეგმა 30 000 უკრაინელი ჯარისკაცის ევროკავშირში მომზადებას ითვალისწინებს. თუმცა, ეს მიზანი მალე მიიღწევა, რადგან 25 000-მა სამხედრომ უკვე დაასრულა სასწავლო პროგრამა ან ახლა გადის მას.
ბორელის წინადადებების მიხედვით, უახლოეს მომავალში უნდა განისაზღვროს ახალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სასწავლო მიზნები.
ევროკავშირმა შესაძლოა განიხილოს წვრთნების ეტაპობრივად უკრაინაში გადატანა, თუ ამისთვის შესაბამისი გარემოებები იქნება.
გარდა ამისა, ბორელი უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებისთვის დამატებით მილიარდების გამოყოფას უწევს რეკომენდაციას. კერძოდ, მას სურს ევროკავშირმა წვლილი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ხარჯებშიც შეიტანოს.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ 17 უკრაინული საბრძოლო ბრიგადა მოამზადეს მომავალი კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ ბრძოლებში ჩართული არ არის.