ევროპარლამენტი სერბეთის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას უჭერს მხარს
ევროპარლამენტარები სერბეთში გასული წლის დეკემბერში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს ხმების გაყალბების ფაქტზე დამოუკიდებელი საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ გამოძიების დაწყებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ, ბელგრადი ბრიუსელთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს და დადასტურდება რომ ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობდა ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ფინანსური დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ.
დეპუტატები რეზოლუციაში (461 ხმა 53-ის წინააღმდეგ) „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამენ დამკვირვებლების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების შესახებ. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ შესაძლებელია დარღვევებმა კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობის საკითხიც შეარყიოს.
სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გასული წლის დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები გაყალბდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო ყუთებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების ჩაყრის ფაქტები. გარდა ამისა, კენჭისყრის პროცესი იყო „პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა".
სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ევროპარლამენტის რეზოლუცია დაგმო. ასევე, სერბეთის ოპიზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპარლამენტში მისვლისთვის გააკრიტიკა და აღნიშნული რეზოლუციის ლობირებაში დაადანაშაულა.
„მე არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე, რამდენად სკანდალურია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია“, - ანა ბრნაბიჩი.
კონტექსტი
სერბეთში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები გასული წლის 17 დეკემბერს ჩატარდა, რომლის შედეგადაც, „პროგრესულმა პარტიამ“ 250 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 128 მანდატი მოიპოვა.
„პროგრესული პარტია“ სერბეთის ხელისუფლების სათავეში 2012 წლიდან იმყოფება. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ხუთჯერ გაიმართა და ხუთივე შემთხვევაში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიღება „პროგრესულმა პარტიამ“ მოახერხა.
ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან მალევე აღნიშნულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ძალაუფლების განვრცობისა და განმტკიცების მიზნით, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლა, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრა, ოპონენტების დევნა, საარჩევნო კანონმდებლობის საკუთარ ინტერესებზე მორგება და ა.შ. დაიწყო, რის გამოც სერბეთი ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთმა მასშტაბურმა საპროტესტო აქციამ მოიცვა.
მას შემდეგ, რაც 2023 წლის 17 დეკემბრის არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, სერბეთის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. დემონსტრანტების განცხადებით, მმართველმა პარტიამ „ხმები მოიპარა“ და შედეგები სერბეთის მოქალაქეთა პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავს.
გრაცის უნივერსიტეტში არსებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სწავლებების ცენტრის დირექტორი, ფლორიან ბიბერი აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერის კენჭისყრაში დარღვევები უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებში.
„წარსულში იყო მანიპულაციის შემთხვევები, მაგრამ ახლა უფრო სერიოზულია. ვფიქრობ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ არჩევნებს „პროგრესული“ პარტია მოიგებდა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ისინი გასული წლის შედეგს ასეთი სხვაობით გააუმჯობესებდნენ“, - ფლორიან ბიბერი.