ევროპაში სურთ, რომ უკრაინაში გასაგზავნ სამშვიდობო ძალებში ამერიკელებიც იყვნენ
ევროპელ ჩინოვნიკებს სურთ, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინაში გასაგზავნ სამშვიდობო კონტინგენტში ამერიკული დანაყოფებიც იყვნენ.
ჩინოვნიკების აზრით, ეს გაამყარებს დასავლელი მოკავშირეების ძალისხმევას და ამგვარად აშშ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენაში ომის დასრულების შემდეგ.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
წყაროების ცნობით, იმავე აზრზეა უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ ამერიკელების მონაწილეობა ნებისმიერ სამშვიდობო მისიას უფრო საიმედოს გახდის.
ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, ამ დროისთვის ტრამპის გარემოცვაში ამერიკული დანაყოფების მონაწილეობას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა პოზიცია შეიცვალონ და ინიციატივას მხარი დაუჭირონ.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს აზრით, სამშვიდობო მისიაში ჩართვაზე ამერიკის უარმა შესაძლოა ნატოს შიგნით განხეთქილება გამოივწიოს, რადგანაც ეს ალიანსის ფარგლებში ტრანს-ატლანტიკური თანამშრომლობის დასრულების ტოლფასი იქნება.
ამასთანავე, ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის სკეპტიციზმი ბოლო პერიოდში უფრო შერბილებულია. მათი თქმით, ტრამპის გუნდი გამოხატავს, რომ მზად არის კონცენტრირდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე ომის დასრულების შემდეგ.
გამოცემის წყაროები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში დონალდ ტრამპი ევროპული სახელმწიფოების მხრიდან ძირითადი ხარჯების დაფარვას მოითხოვს, რადგანაც მიმდინარე ომს ევროპის გამოწვევად მიიჩნევს.
ევროპული წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპის გარემოცვაში ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო ჩართულობას უკრაინის აღდგენის საქმეშიც - ტრამპის გარემოცვაში ვარაუდობენ, რომ ამით ძირითადად კერძო სექტორი დაკავდება.