ფაშინიანი და ერდოღანი ურთიერთობების დარეგულირებაზე შეთანხმდნენ

სომხეთისა და თურქეთის ლიდერები 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე შეთანხმდნენ. 

ამის შესახებ ინფორაციას ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერის კანცელარია ავრცელებს. 

ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანი და ერდოღანი შეთანხმდნენ დაიწყონ მუშაობა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სრულ რეგულირებაზე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. 

ამავე ცნობების მიხედვით, ფაშინიანმა ერდოღანს მოახლოებული ყურბან ბაირამი მიულოცა, ხოლო ამ უკანასკნელმა სომეხ კოლეგას ვარდავარი (უფლის გარდასახვის ტრადიციული სომხური დღესასწაული). 

კონტექსტი 

უკვე მრავალი თვეა სომხეთის ლიდერი მეზობლებთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს. თურქეთთან ნორმალიზაციის სურვილით, ნიკოლ ფაშინიანი გასულ წელს ანკარაში ერდოღანის მორიგი ვადით ინაუგურაციასაც დაესწრო. 

პარალელურად გრძელდება ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი აზერბაიჯანთანაც, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია როდის შედგება ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმება. 

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა პრაქტიკულად აღიარა აზერბაიჯანი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანი ფაშინიანისგან 4 სოფლის გადაცემას ითხოვდა, რომელიც სომხურმა დანაყოფმა 1990-იან წლებში პირველი ომის დროს დაიკავეს. 

სომხეთის პრემიერი დათანხმდა აღნიშნული დასახლებული პუნქტების გადაცემას, თუმცა სწორედ ეს გახდა დედაქალაქში ახალი საპროტესტო აქციების მიზეზი, რომლის ლიდერიც ტავუშის ეპისკოპოსი ბაგრატია. 

მსგავსი სიახლეები