ფაშინიანმა ყარაბაღზე შეთანხმების "წითელი ხაზები" დაასახელა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების "წითელი ხაზები" არის სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და სომხების უსაფრთხოება მთიან ყარაბაღში.
ამის შესახებ მან AFP-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ფაშინიანმა თქვა, რომ ერევნისთვის მოლაპარაკებებში ფუნდამენტური საკითხებია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და სომხების უსაფრთხოება ყარაბაღში.
"ჩვენი პოზიციის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყდეს დიალოგის, მოლაპარაკებების და დისკუსიების გზით, მათი მონაწილეობით. ჩვენ ამას ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგს ვუწოდებთ," - თქვა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ თუ ასეთი დიალოგი შუამავლების გარეშე შედგება, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პირობებს აზერბაიჯანი ადგენს.
"ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი უნდა წარიმართოს საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობა დამკვირვებლის სახით იქნება," - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად მოლაპარაკებას თვლის.
კითხვაზე, სჯერა თუ არა პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანთან მდგრადი მშვიდობის შესაძლებლობის, ფაშინიანმა უპასუხა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებების პროცესს აზრი არ ექნება.
"თუმცა, ის, რომ მე მჯერა, არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებული გვაქვს შედეგის მიღწევა, რადგან, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული," - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე, ომის ახალი ცხელი ეტაპის რისკი "ძალიან რეალურია." ფაშინიანმა გაიხსენა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები თითქმის ყოველდღიურად ხდება.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ამჟამინდელ ეტაპზე ისღა რჩება, რომ სომხეთმა "ხელი მოაწეროს იმას, რაც უკვე ზეპირად თქვა."
"თუ სომხეთი მიიღებს ამას და მთლიანად უარს იტყვის აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე, მაშინ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია წლის ბოლომდე." - თქვა ალიევმა.
ივნისის დასაწყისში ბაქომ და ერევანმა აღნიშნეს, რომ მხარეები უახლოვდებიან სამშვიდობო შეთანხმების დადებას.
ამავდროულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს განუცხადა, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მუშაობის განხილვის სურვილი აქვს.
15 ივლისს ალიევმა და ფაშინიანმა შარლ მიშელის შუამავლობით ბრიუსელში მოლაპარაკებები გამართეს.