ფილიპინების ახალი პრეზიდენტი: ჩინეთთან ურთიერთობა ახალ დონეზე უნდა ავიდეს
ფილიპინების ახლადარჩეული პრეზიდენტი ჩინეთთან ურთიერთობების „ახალ დონეზე აყვანას“ აპირებს.
უმცროსმა ფერდინანდ მარკოსმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ სი ძინფინგთან „ძალიან შინაარსიანი“ საუბრები ჰქონდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მარკოსის მამის, ფილიპინების დიქტატორის (1965-1986) როლს ორ ქვეყანას შორის კავშირების დამყარებაში.
„ურთიერთობას გავაღრმავებთ არა მხოლოდ დიპლომატიურ ფრონტზე, არამედ ვაჭრობის, კულტურის, განათლების, სწავლების, ჯანდაცვის მიმართულებით. ყველა იმ მცირე უთანხმოებას, რომელიც გვაქვს, გადავჭრით“, - ნათქვამია მარკოსის ოფიციალურ განცხადებაში.
პეკინთან ურთიერთობას პრიორიტეტულად მიიჩნევდა მარკოსის წინამორბედი როდრიგო დუტერტეც, რომელსაც ძალაუფლების გადაბარება მოუწევს.
ჩინეთს და ფილიპინებს შორის სამეზობლო დავის მთავარ საგანს სამხრეთ ჩინეთის ზღვა წარმოადგენს.
პეკინი აკვატორიის უდიდეს ნაწილს, სადაც წელიწადში 3,4 ტრილიონი დოლარის ტვირთი გადის, საკუთარ იურისდიქციად მიიჩნევს.
ანალიტიკოსების აზრით, მარკოსი სი ძინფინგთან საერთო ენის გამონახვას შეეცდება, თუმცა ვაშინგტონთან სამხედრო თანამშრომლობაზე უარს ვერ იტყვის.
აშშ-ს ყოფილ კოლონიას როდრიგო დუტერტეს ვადის დროს თეთრ სახლთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ორი ქვეყანა სტრატეგიულ სფეროში აქტიურად თანამშრომლობს.
ცოტა ხნის წინ ფილიპინებმა და აშშ-მ ტაივანთან ახლოს მასშტაბური საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
მარკოსმა გასულ კვირას ჩატარებულ არჩევნებში ხმათა 59 პროცენტი მიიღო.