ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობას უშვებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს "ევროპელ კონსერვატორებთან და რეფორმისტებთან" (ECR) ითანამშრომლოს.

ამ პარტიის წევრები არიან ჯორჯა მელონის პოლიტიკური ძალა "იტალიის ძმები" და იაროსლავ კაჩინსკის "კანონი და სამართლიანობა."

POLITICO-სა და სტუდია Europa Maastricht-ის მიერ ორგანიზებულ მაასტრიხტის დებატებზე გამოსვლისას, ფონ დერ ლაიენმა ცხადყო, რომ არ ითანამშრომლებს ულტრამემარჯვენე "იდენტობა და დემოკრატიის" ჯგუფთან, რომლის წევრებიც მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანება" და გერმანული "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) არიან.

მწვანეთა პარტიის კომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ბას ეიკჰაუტის კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ECR-თან, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა: "ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პარლამენტის შემადგენლობა და ვინ იქნება ჯგუფის შემადგენლობაში."

წლის დასაწყისში, კომისიის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ივნისის ევროპული არჩევნების შემდეგ, ის ღია იქნება იმუშაოს ECR-ის ზოგიერთ პოლიტიკოსთან ერთად, რომლებიც უფრო მემარჯვენეები არიან, ვიდრე მისი მემარჯვენე ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტია" - თუმცა მისი პირობებით.

ფონ დერ ლაიენი მეორე ხუთწლიანი ვადით კომისიის პრეზიდენტობისთვის იბრძვის. ამისთვის მას არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც კოალიციის შექმნას მოითხოვს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ევროპარლამენტის არჩევნებზე პირველ ადგილზე ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტია" გავა.

2024 წლის 16 აპრლს EURACTIV-ის მიერ გამოქვეყნებული საერთო ევროპული კვლევის თანახმად, არჩევნებზე მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება: ევროპის სახალხო პარტია (EPP) - 184, სოციალისტები და დემოკრატები (S&D) - 139, განახლებული ევროპა (Renew) - 84, იდენტობა და დემოკრატია (ID) - 84, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) - 82, მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი - 52 და მემარცხენეები - 40. 

EPP-ის წარმატებას ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოებში მისი პოპულარობის ზრდა განაპირობებს. "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი პარტიები პირველ ადგილს, სავარაუდოდ, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში და საბერძნეთში დაიკავებენ. 

მსგავსი სიახლეები