ფონ დერ ლაიენი: ვწუხვართ ევროკავშირისგან საქართველოს მთავრობის დაშორების გამო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტი-დასავლურ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.

"ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს მთავრობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება საქართველოს მთავრობის ხელშია." - წერს X-ზე ფონ დერ ლაიენი.

კონტექსტი

28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. 

"ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 ნოემბრიდან თბილისში პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

საპოლიციო დანაყოფებმა მშვიდობიანი აქციები ძალადობრივად დაშალეს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძე დაწერა, რომ ორგანიზაციამ 29-30 ნოემბერს 60-ზე მეტი დაკავებულის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

ერთი დღით ადრე, 28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი.

ბოლო 3 დღის განმავლობაში, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ძალოვანების ქმედებები "რუსული სტილის რეპრესიებს მოგვაგონებს. ეს ქმედებები უპატიებელია! ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ."

30 ნოემბერს, ღამით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა "რეალპოლიტიკას" რედაქტორს, აკა ზარქუას.

მსგავსი სიახლეები