ФСБ: პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურში განაცხადეს, რომ შეიარაღებული ამბოხის მუხლით საქმის წარმოება შეწყდა, "ვინაიდან ძიების პროცესში დადგინდა, რომ ეჭვმიტანილებმა შეწყვიტეს დანაშაულებრივი ქმედებები."

ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე 23 ივნისს აღიძრა და მისი შეწყვეტა ვაგნერსა და კრემლს შორის გაფორმებული შეთანხმების ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი იყო. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე დაიწყო ვაგნერისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ამოღების პროცესი. 

პრიგოჟინის ამბოხს გვიან ღამით გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი საგანგებო მიმართვით. პუტინის თქმით, ვაგნერელები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ შეძლებენ ხელშეკრულების გაფორმებას თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო დანარჩენები შეძლებენ ბელარუსში გადასვლას. 

მოგვიანებით ვლადიმირ პუტინმა ძალოვან უწყებების ხელმძღვანელებთან გამართა თათბირი. შეხვედრას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც. ეს პრიგოჟინის ამბოხის დაწყების შემდეგ შოიგუს პირველი საჯარო აქტივობა იყო. საყურადღებოა, რომ შოიგუ სამოქალაქო ფორმაში იყო. 

მსგავსი სიახლეები