ФСБ-ს დირექტორის თქმით, უკრაინა ტერორისტებს ეხმარებოდა და ბუდანოვს ემუქრება

ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, კროკუს ჰოლში მომხდარი ტერაქტების შემკვეთი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა მის უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ ტერორისტებს უკრაინა ეხმარებოდა. 

ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სამსახურის დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

ბორტნიკოვის თქმით, რადიკალების მომზადება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარეობდა და მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტებს უკრაინელი სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ. 

'აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (CБУ) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება",- განაცხადა ბორტნიკოვმა. 

მისი თქმით, კირილო ბუდანოვი რუსეთის "ლეგიტიმური სამიზნეა", ისევე როგორც ყველა სხვა, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობას ეწევიან.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არის ბუდანოვი ჯერ კიდევ ცოცხალი ბორტნიკოვმა უპასუხა, რომ "ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის."

კონტექსტი 

ბორტნიკოვამდე მსგავს შინაარსის კომენტარი გააკეთა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა. 25 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ტერაქტის შემსრულებლები ისლამისტი რადიკალები იყვნენ, თუმცა კიდევ ერთხელ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა უკრაინა. 

22 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS K) აიღო.

24 მარტს ISIS K-მ თავდამსხმელების ფოტო და პირველი პირის მიერ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც 2 ადამიანის სამოსის ფერი და პრინტი ემთხვევა რუსეთის მიერ დაკავებული ეჭვმიტანილებისას.  

New York Times-ის, CNN-ისა და სხვა დასავლური მედიების ცნობით, ამერიკული დაზვერვა სარწმუნოდ მიიჩნევს ISIS K-ის განცხადებას. 

სწორედ ამ დაჯგუფებისგან მომავალ ტერორისტულ საფრთხეს ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ 7 მარტს გავრცელებული გაფრთხილება. 

ამავდროულად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება უკრაინის რამენაირი ჩართულობის შესახებ ტერაქტში. ე.წ. უკრაინული კვალი არსებობა ტერაქტიდან მალევე უარყვეს თეთრ სახლში. 

 

მსგავსი სიახლეები