FT: აშშ უარს ამბობს რუსეთის აგრესორად მოხსენიებაზე დიდი შვიდეულის განცხადებაში

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები უარს ამბობენ რუსეთის აგრესორად მოხსენიებაზე დიდი შვიდეულის ერთობლივ განცხადებაში, რომლის გამოქვეყნებაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის 3 წლის თავზე იგეგმება. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს. წყაროების ცნობით, ამერიკელები ასევე ეწინააღმდეგებიან სამიტში ვოლოდიმირ ზელენსკის ვირტუალურ მონაწილეობას. 

ვითარებაში გაცნობიერებულ 5 წყაროზე დაყრდნობით, პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამერიკელები ეწინააღმდეგებიან "კლასიკურ ფორმულირებებს", რომლებიც აქამდე გამოიყენებოდა - მაგათალითად, "რუსეთის აგრესია."

"ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ განცხადებაში მკაფიოდ იყოს გარჩეული რუსეთი და უკრაინა, იმიტომ, რომ ისინი არ არიან თანასწორები ამ ვითარებაში. ამერიკელები ბლოკავენ ასეთ ფორმულირებებს, ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ და იმედი გვაქ, რომ საბოლოოდ მივაღწევთ კონსენსუსს",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

დიდი შვიდეულის სამიტი ორშაბათს, 24 თებერვალს უნდა გაიმართოს, ამ დღესვეა დაგეგმილი ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებაც. 

ავტორების ცნობით, შეერთებული შტატების წარმომადგენლების ამგვარი განწყობა თეთრი სახლის პოლიტიკაში ბოლო კვირებში მომხდარ ცვლილებებს ასახავს - კერძოდ საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში რუსეთ-უკრაინის ომი მოხსენიებულია კონფლიქტად უკრაინაში.

მსგავსი სიახლეები