გაგლოევი რეფერენდუმზე: რუსეთი გეოპოლიტიკითაა დაკავებული, სიგნალს დაველოდებით

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ახლადარჩეულმა ლიდერმა ალან გაგლოევმა რუსეთთან მიერთების რეფერენდუმის საკითხზე ისაუბრა. TACC-სთან ინტერვიუში გაგლოევი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმეჯერ უკვე ჩატარდა რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე, თუმცა ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. 

გაგლოევის თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს ორმხრივი პროცესია და მისი ეფექტიანობისთვის საჭიროა რუსეთთან კოორდინაცია, ვინაიდან ეს საკითხი მხოლოდ ცხინვალის გადასაწყვეტი არ არის. 

"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - რუსეთის ფედერაცია დაკავებულია გეოპოლიტიკური საკითხის გადაჭრით, რუსეთი ატარებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში ნეონაცისტური ფორმირებების განადგურების მიზნით. ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, როგორც კი იქნება სიგნალი, როგორც იქნება იმის აღქმა, რომ დრო დადგა - ჩვენ ამ რეფერენდუმს აუცილებლად ჩავატარებთ", - ამბობს გაგლოევი. 

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წინა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებდა.

ბიბილოვმა მეორე ტური გასულ კვირას წააგო. 

მსგავსი სიახლეები