გარდაიცვალა უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი

10 მაისს, 89 წლის ასაკში, უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Українські новини წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრავჩუკი რივნის რაიონის სოფელ ველიკი ჟიტინში 1934 წლის 10 იანვარს დაიბადა. ის უმაღლესი რადას პირველი თავმჯდომარე და უკრაინის პირველი პრეზიდენტი იყო (სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა 1991-1994 წლებში, მანამდე კი პარლამენტს - 1990-1991).

2020 წელს კრავჩუკი ხელმძღვანელობდა უკრაინის დელეგაციას სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად. 2021 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ კრავჩუკს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. დელეგაციის ხელმძღვანელი არ შეცვლილა, რადგან კრავჩუკის გამოჯანმრთელებას ელოდნენ და მის გადაწყვეტილებას დარჩებოდა თუ არა თანამდებობაზე.

კრავჩუკმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე მის მთავარ მისიად დონბასში ომის დასრულებას მიიჩნევდა. იანვარში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, მან აღნიშნა, რომ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებდა თვალს.

მსგავსი სიახლეები