გერმანელმა ექიმმა მის მიერ შექმნილი ვაქცინით 20 ათასი ადამიანი აცრა

 

გერმანელი ექიმი ვინფრიდ შტოკერი მის მიერ შექმნილი ვაქცინით 20 ათასამდე ადამიანის აცრის გამო დააპატიმრეს.

შტოკერი ლუბეკის აეროპორტის მფლობელი და მსხვილი ბიზნესმენია. საკუთარ ვაქცინას მან "ლუბევაქსი" უწოდა და აცხადებს, რომ აცრა 97%-ით ეფექტურია.

პოლიციამ შტოკერი კვირას, აცრის პუნქტთან დააკავა და ბრალი არაავტორიზებული ვაქცინაციის კამპანიისთვის წაუყენა. დაპატიმრების მომენტში 200 ადამიანი ვაქცინაციის რიგში იდგა.

პროკურორები გამოძიებას 4 ექიმის წინააღმდეგაც აწარმოებენ, რომლებიც ადამიანებს ცრიდნენ.

შტოკერი აცხადებს, რომ მან ვაქცინის ავტორიზაცია არ სცადა, რადგან ამას "ძალიან დიდი დრო სჭირდება" და "მილიონები ღირს".

"ჩვენ პასუხისმგებელი ვართ პაციენტების და არა სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ პოლიციამ ყველაფერი შეაჩერა", - თქვა შტოკერმა მედიასთან საუბრისას.

მისი შექმნილი ვაქცინით 20 000-მდე ადამიანი აიცრა. მისი თქმით, 2000 ვაქცინირებულ პაციენტს აქტიურად აკვირდება და მათგან მხოლოდ 10 დაინფიცირდა კორონავირუსით.

 

მსგავსი სიახლეები