გერმანია ბუნდესტაგის წევრების რაოდენობის შემცირებას გეგმავს
გერმანიის მმართველი კოალიცია ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ POLITICO წერს.
ცვლილებების შედეგად, პარლამენტის წევრების რაოდენობა 736-დან 630-მდე უნდა შემცირდეს.
"თუ ჩვენ არაფერს შევცვლით, ბუნდესტაგი გააგრძელებს ზრდას," - განუცხადა მწვანეთა პარტიის დეპუტატმა ტილ შტეფენმა ჟურნალისტებს.
გერმანიაში დეპუტატების რაოდენობა წლების განმავლობაში იზრდება ქვეყანაში არსებული ხმის მიცემის სისტემის გამო.
ქვეყანა ჯამში 299 ერთმანდატიან ოლქადაა დაყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელები 299 მაჟორიტარს ირჩევენ. ამასთან, მინიმუმ 299 დეპუტატი პარტიული სიებიდან ირჩევა.
საარჩევნო სისტემა მანდატების პროპორციულად გადანაწილებას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პარტიის მიერ მიღებული მანდატების წილი უნდა გაუტოლდეს პარტიული ხმების წილს. შესაბამისად, თუკი რომელიმე პარტია მაჟორიტარების დიდ რაოდენობას იგებს, ხოლო პროპორციულ არჩევნებში მისი შედეგი მაღალი არ არის, პარტიის მიღებულ შედეგთან მანდატების რაოდენობის გასათანაბრებლად პარლამენტის წევრების საერთო რაოდენობა იზრდება, რათა პროპორციულობის პრინციპი დაცული იყოს.
იმის გამო, რომ ბოლო წლებში 5%-იანი ბარიერის გადამლახავი პარტიების რაოდენობა გაიზარდა, ამჟამად ბუნდესტაგს რეკორდული რაოდენობის, 736 წევრი ჰყავს.
ახალი კანონპროექტით ეს წესი შეიცვლება. მაჟორიტარული სისტემით არჩეული ყველა კანდიდატი დეპუტატი ვეღარ გახდება, თუ მათ პარტიას პროპორციულ სისტემაში შესაბამისი რაოდენობის ხმები არ ექნება.
ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მთავარი ოპოზიციური პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) და მისი ბავარული პარტნიორი პარტია, ქრისტიან-სოციალური კავშირი (CSU).
CSU ხშირად სარგებლობს არსებული სისტემით, რადგანაც ბავარიის რეგიონში დომინანტი პარტიაა და მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობას იგებს, რაც მას საშუალებას აძლევს პროპორციული სისტემით მიღებულ მხარდაჭერაზე მეტი დეპუტატი ჰყავდეს ბუნდესტაგში.
"ჩვენ რეალურად ვუყურებთ ამას, როგორც თავდასხმას დემოკრატიაზე", - თქვა ორშაბათს CSU-ს ლიდერმა, ბავარიის პრემიერმა მარკუს ზოდერმა.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბავარიული პარტია მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.