გერმანიამ ჩინეთის სტრატეგია გამოაქვეყნა
გერმანიის მთავრობამ ხუთშაბათს ჩინეთის პირველი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზე და პეკინის ეკონომიკურად აგრესიულ პოლიტიკაზე, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული ზომები ჩინეთის გავლენის შესამცირებლად.
ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გერმანიის 64-გვერდიან სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ჩინეთი რჩება შეუცვლელ პარტნიორად გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში და ბოლო წლებში, ქვეყანაში ძალაუფლების ცენტრალიზაციის ფონზე, ჩინეთ-გერმანული მეტოქეობა და კონკურენცია გაძლიერდა.
სხვა საკითხებთან ერთად, სტრატეგიაში საუბარია იმაზე, რომ ჩინეთი სულ უფრო და უფრო ცდილობს შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი და ზღუდავს თავისი მაცხოვრებლების პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს.
ამ მხრივ, გერმანია გააგრძელებს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას და პარტნიორებთან თანამშრომლობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის ტაივანის კონტექსტში, რომელსაც ჩინეთი თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია ჩინეთის გადაწყვეტილების რისკები რუსეთთან ურთიერთობების გაფართოების შესახებ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.
ბერლინი ასევე განიხილავს ექსპორტის კონტროლის გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ გერმანულმა პროდუქციამ არ "წაახალისოს ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევა" და მისი სამხედრო გადაიარაღება. სტრატეგიაში მხარდაჭერილია უახლეს სამხედრო ტექნოლოგიებში ინვესტიციების კონტროლის გაძლიერების იდეა.