გერმანიამ Patriot-ებზე უკრაინელი სამხედროების მეორე ჯგუფი გაწვრთნა
გერმანიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროების მეორე ჯგუფმა დაასრულა საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ებზე წვრთნა. 70-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მონაწილეობდა სწავლებებში, რომელსაც ბუნდესვერის ინსტრუქტორები თვენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ატარებდნენ.
საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (სპეციალური მომზადების სარდლობის) ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეას მარლოუმ სამხედრო პოლიგონზე ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა უმთავრესი ამოცანაა.
მისი თქმით, რუსული სარაკეტო თავდასხმების სამიზნე უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტებია.
მარლოუს ვიზიტის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ცეცხლის მართვის ცენტრთან მუშაობისა და გამშვები საშუალებების მომზადების უნარები გამოავლინეს.
ბევრ უკრაინელ სამხედროს უკვე აქვს სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებთან მუშაობის, კერძოდ, საბჭოთა S-300-ებზე მუშაობის გამოცდილება. ერთ-ერთი გერმანელი ინსტრუქტორის თქმით, ჩვენ ვსაუბრობთ "გამოცდილ სამხედრო პერსონალზე, რომლებიც ადრე მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის სფეროში."
11 ოქტომბერს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების "ზამთრის პაკეტი" გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1 მილიარდი ევროა. დახმარების ახალი პაკეტი ძირითადად საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს მოიცავს, კერძოდ Patriot-ის და IRIS-T-ს სისტემებს.