გერმანიაში ინფლაცია ბოლო 40 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა
გერმანიაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 7.6 პროცენტს მიაღწია, რაც ფასების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
ფედერალური სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2022 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.1 პროცენტი იქნება, რაც ევროზონაში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.
გერმანიის მსგავსად, ევროზონაში, რომელიც ევროს მომხმარებელ ქვეყნებს აერთიანებს, ინფლაცია რეკორდულად მაღალია და საშუალოდ 7.5 პროცენტს შეადგენს.
30 მარტს გერმანიის მთავრობის მრჩევლების საბჭომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ეკონომიკური ზრდა წელს 2.8 პროცენტული პუნქტით, 1.8 პროცენტამდე შემცირდება.
გაუარესებული ეკონომიკური ფონის მიზეზად უკრაინაში მიმდინარე ომი, გაზრდილი ინფლაცია და ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები სახელდება.
„გერმანია რუსულ ენერგო-რესურსებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ამ რესურსების მიწოდების შეჩერება გერმანიის ეკონომიკას რეცესიით და ინფლაციის გაზრდილი დონით ემუქრება“, - აცხადებს მრჩევლების საბჭოს წევრი მონიკა შნიცერი.
ანალიტიკოსების აზრით, ევროპის ცენტრალური ბანკი წელს საპროცენტო განაკვეთს ეტაპობრივად გაზრდის.
ცოტა ხნის წინ ევროზონის მთავარმა საბანკო ორგანომ სექტემბრამდე ვალდებულებების შესყიდვის სქემის დასრულების შესახებ განაცხადა.