გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშლა: ქვეყანაში ვადამდელ არჩევნებს ელიან

გერმანიის მმართველი "შუქნიშნის კოალიცია," რომელიც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატების (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავისი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება შეძლოს.

ამის შესახებ შოლცმა 6 ნოემბერს, საღამოს განაცხადა.

კანცლერმა თქვა, რომ იგი ეთანხმება ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკს, რომ გერმანიას სჭირდება სწრაფი სიცხადე მისი სამომავლო პოლიტიკის მიმართულების შესახებ.

შობამდე დარჩენილი კვირების განმავლობაში შოლცი აპირებს ბუნდესტაგში კენჭი უყაროს ყველა კანონპროექტს, რომელიც სწრაფ უნდა მიიღონ, კერძოდ, გადაუდებელი დახმარება ინდუსტრიისთვის, ასევე პენსიების სტაბილიზაციის ზომები.

მანამდე შოლცმა ფინანსთა მინისტრი, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი კრისტიან ლინდნერი გადააყენა.

ლინდნერმა კოალიციის დაშლაში შოლცი დაადანაშაულა

თავად ლინდნერმა მოგვიანებით შოლცი დაადანაშაულა წითელ-მწვანე-ყვითელი კოალიციის დაშლაში. მან ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი დემოკრატები მზად არიან ახალი არჩევნების შემდეგ გერმანიის ბედზე პასუხისმგებლობა სხვა მთავრობაში აიღონ.

ცოტა ხნის წინ, კრისტიან ლინდნერმა მმართველ კოალიციაში დაპირისპირების ახალი რაუნდი გამოიწვია თავისი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენით.

მასში FDP-ს ლიდერმა მოითხოვა "ეკონომიკური შემობრუნება პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფუნდამენტური გადახედვით" - კომპანიებისთვის გადასახადების შემცირებით, კლიმატის რეგულაციების შემსუბუქებით და სუბსიდიების და სოციალური შეღავათების შემცირებით.

ლინდნერის ინიციატივა მწვავედ გააკრიტიკეს სოციალ-დემოკრატებმა და მწვანეებმა. თავად ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელმაც დაპირისპირება გამოიწვია, ფართო საზოგადოებისთვისაც არ იყო განკუთვნილი.

მიუხედავად ამისა, დისკუსია გრძელდება და ოპოზიცია სულ უფრო ხშირად ითხოვს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

კოალიციის დაშლამდე, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2025 წლის 28 სექტემბერს იყო დაგეგმილი.

გერმანიის პარლამენტის ვადამდე დაშლა მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი

როგორც წესი, ბუნდესტაგის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. თუმცა, კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კანცლერის მხარდაჭერა პარლამენტში შეირყევა, არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ძალიან იშვიათი მოვლენაა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრებს თავად არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება ვადამდელი არჩევნების შესახებ. მისი გამოცხადების უფლება არც კანცლერს აქვს. კონსტიტუცია მხოლოდ ორ შემთხვევაში იძლევა პარლამენტის ვადამდე დაშლის საშუალებას.

თუ კანცლერის არჩევისას არ ჩამოყალიბდა აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობა - ანუ თუ კანდიდატი ვერ მიიღებს ყველა დეპუტატების რაოდენობის ნახევარზე მეტს - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა შეიძლება დაითხოვოს ბუნდესტაგი. მსგავსი რამ გერმანიის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

მეორე შემთხვევაში კანცლერი ბუნდესტაგს წარუდგენს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. ეს საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ, აქვს თუ არა მას საჭირო მხარდაჭერა პარლამენტის წევრთა უმრავლესობისგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის პრეზიდენტს, კანცლერის წინადადებით, შეუძლია 21 დღის განმავლობაში დაითხოვოს ბუნდესტაგი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები

კოალიციის დაშლამდე ARD DeutschlandTrend-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობას (53%) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სურს, ხოლო 40% მმართველი კოალიციის 2025 წლის სექტემბრის არჩევნებამდე დარჩენას ემხრობა.

კვლევა მანამდე ჩატარდა, სანამ სამპარტიული სამთავრობო კოალიციის დაშლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა.

ამასთანავე, INSA-ს მიერ 1-4 ნოემბერს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით, გერმანიაში პარტიების მხარდაჭერა ასე ნაწილდება:

  • ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი - 32%;
  • სოციალ-დემოკრატები - 15.5%;
  • ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - 18%;
  • მწვანეები - 10.5%;
  • პრორუსული სარა ვაგენკნეხტის ალიანსი - 8%;
  • თავისუფალი დემოკრატები - 4.5%.

გერმანიის ისტორიაში ვადამდელი არჩევნები სამჯერ დაინიშნა

ბუნდესტაგის დაშლის შემდეგ ვადამდელი არჩევნები 60 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს. არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელია ფედერალური საარჩევნო კომისია და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამომრჩეველს აქვს ორი ხმა: მისი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის და პარტიის პროპორციული სიის ასარჩევად.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები სამჯერ ჩატარდა: 1972, 1983 და 2005 წლებში.

მსგავსი სიახლეები