გერმანიის მთავრობა: პუტინმა თქვა, რომ ევროპა რუსული გაზის ყიდვას ევროთი გააგრძელებს
გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, დღეს ოლაფ შოლცსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ ევროპელები რუსულ გაზს ისევ ევროთი შეიძენენ.
გერმანელების პრესრელიზის მიხედვით, პუტინმა გერმანელ კოლეგასთან თქვა, რომ ევროპის ის ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება უკვე აქვთ გაფორმებული, შეეძლებათ, რომ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ბუნებრივი აირის საზღაური კვლავინებურად ევროთი გადაიხადონ.
გადახდა გაზპრომბანკის მეშვეობით შედგება, რომლებსაც სანქციები არ ეხება. მიღებულ ევროს გაზპრომბანკი რუბლში გაახურდავებს.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ოლაფ შოლცი პუტინს ამ პირობებზე მყისიერად არ დათანხმებია და რუსეთის პრეზიდენტისგან დეტალური წერილობითი განმარტება მოითხოვა.
კრემლის მიერ გავრცელებული ცნობა ამ ინფორმაციას პირდაპირ არ ადასტურებს. როგორც მოსკოვის პრესრელიზშია ნათქვამი, პუტინმა შოლცს "ინფორმაცია მიაწოდა ახალი გადაწყვეტილების არსის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიწოდებული გაზის სანაცვლოდ გადახდა რუბლით უნდა მოხდეს".
რუსეთში მიღებული ახალი კანონის თანახმად, ქვეყანამ გაზის ექსპორტის საფასური რუბლში უნდა მიიღოს. დიდი შვიდეულის ქვეყნები ამაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ რუსული გაზის საფასურს კვლავ აშშ დოლარით და ევროთი გადაიხდიან.