გერმანიის პოლიციამ ჰამასის საწინააღმდეგო რეიდები დაიწყო
გერმანიის პოლიციამ ოთხ რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის და პრო-პალესტინური ორგანიზაცია სამიდუნის წინააღმდეგ 15 რეიდი მოაწყო.
ამის შესახებ Politico წერს.
"ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ მოქმედებას რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ," - თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა. "ისლამისტებმა და ანტისემიტებმა ვერ და არ უნდა იგრძნონ თავი დაცულად. ეს ექსტრემისტები კანონის უზენაესობის სრულ ძალას უნდა ელოდონ."
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ, ჰამასს ქვეყანაში დაახლოებით 450 წევრი ჰყავს, რომელთა საქმიანობაც მერყეობს "სიმპათიის გამოხატვიდან და პროპაგანდიდან, დაფინანსებამდე ან თანხის მოზიდვამდე."
7 ოქტომბერს, ჰამასის სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, გერმანიაში ანტისემიტიზმის ზრდა დაფიქსირდა.
თვის დასაწყისში, ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა გერმანიის მუსლიმური ასოციაციები ანტისემიტიზმისა და ჰამასის თავდასხმებზე დუმილის გამო გააკრიტიკა.
"ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა, რომ ებრაელებს შეეძლოთ თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვრონ გერმანიაში, რომ მათ აღარასოდეს ეშინოდეთ საკუთარი რელიგიის, კულტურის ღიად ჩვენების. მაგრამ ახლა ზუსტად ეს შიში დაბრუნდა," - თქვა ჰაბეკმა.
ნოემბრის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პალესტინელი პატიმრების საერთაშორისო სოლიდარობის ქსელის, სამიდუნის გერმანიის ფრთა დაშალა, რომელიც ბერლინის თქმით, ანტისემიტური პროპაგანდის გასავრცელებლად გამოიყენება. გარდა ამისა, გერმანიამ ჰამასის საქმიანობა აკრძალა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში უკვე შეტანილი იყო.