გერმანიის საგარეო: შეშფოთებულები ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევებზე ცნობების გამო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს განცხადებით ეხმიანება და წერს, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს სრულად უჭერენ მხარს. მათივე თქმით, შეშფოთებულები არიან დარღვევებზე ცნობების გამო და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
"გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს. შეშფოთებულები ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევებზე ცნობების გამო, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს და გამოსწორდეს.
გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია.
არჩევნების შედეგების მართვა და მთავრობის ფორმირება ასევე გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ პროგრესზე მის ევროპულ გზაზე". - წერია განცხადებაში.
ზეწოლა საჯარო სექტორზე, კერძო ტელევიზიების გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, ხმის ფარულობის დარღვევა - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიში დღეს, 27 ოქტომბერს წარადგინა.