გერმანიში კანცლერობისთვის ბრძოლა დაიწყო - ვინ შეცვლის ანგელა მერკელს

მმართველ ბლოკში შემავალი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახლადარჩეულმა ლიდერმა, არმინ ლაშეტმა კანცლერობის კანდიდატობის სურვილი წინა თვეებში ოფიციალურად გამოთქვა. ბევრისთვის მოულოდნელად, გასულ კვირას კანცლერობის კანდიდატობის სურვილი გამოთქვა ბავარიის ქრისტიან-სოციალურის კავშირი ლიდერმა, მარკუს ზიოდერმაც. ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი, ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ბავარიული დანაყოფია და 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ეს 2 პარტია არჩევნებზე ერთიანი ბლოკით იღებს მონაწილეობს.

როგორც წესი ბლოკის კანცლერობის კანდიდატი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრები ხდებიან, თუმცა ვითარება წელს განსხვავებულია, საქმე ის არის, რომ არმინ ლაშეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით უარყოფითი რეიტინგი აქვს. მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერად ქრისტიან-დემოკრატებმა ლაშეტი აირჩიეს, მკვეთრად მცირდება მთლიანად პარტიის მხარდაჭერაც. ამგვარად, ლაშეტის ლიდერობით ქრისტიან-დემოკრატიულმა ბლოკმა შესაძლოა საერთოდაც დაკარგოს ძალაუფლება. 

საპირისპიროდ მაღალი ადგილობრივი და ნაციონალური მხარდაჭერით სარგებლობს მარკუს ზიოდერი, რომლის პოპულარობაც პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. აქამდე კანცლერობის კანდიდატობაზე დასმულ კითხვებს ზიოდერი პირდაპირ არ პასუხობდა, მაგრამ გასულ კვირას მან ოფიციალურად განაცხადა, რომ იბრძოლებს კანცლერობის კანდიდატობისთვის. 

ანგელა მერკელი, რომელიც უკვე 16 წელია ხელმძღვანელობს გერმანიის მთავრობას, 2021 წელს პოლიტიკურ საქმიანობს წყვეტს. შესაბამისად, ქრისტიან-დემოკრატიულ ალიანსს 2021 წლის გასამართ გენერალურ არჩევნებზე სხვა ადამიანი გაუძღვება. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი გერმანელი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ამბობს, რომ კანცლერობის კანდიდატი სწორედ მარკუს ზიოდერი უნდა გახდეს.

ბრძოლა კანცლერობისთვის გადამწყვეტ ფაზაშია 

ბავარიული ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი, მარკუს ზიოდერი გასულ თვეებში არ პასუხობდა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს კანცლერობის ამბიციაზე, თუმცა გასულ კვირას ბუნდესტაგში მმართველი ბლოკის დახურულ სხდომაზე ზიოდერმა განაცხადა, რომ მზადაა გახდეს კანცლერობის კანდიდატი თუ მას ორივე პარტია დაუჭერს მხარს. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, საერთო სხდომაზე კანცლერობის სურვილის გაჟღერებით ზიოდერმა პარტნიორი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრებისგან მისი კანდიდატურის მხარდაჭერა ირიბად მოითხოვა. 

უკვე ორშაბათს თავისი სვლა გააკეთა ბლოკის უფროსმა პარტნიორმა - ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი არმინ ლაშეტის კანდიდატურას, რომელიც ამჟამად ყველაზე დიდი ფედერალური მიწის, რეინ-ვესტფალიის პრემიერმინისტრია. პრეზიდიუმის ეს გადაწყვეტილება ლაშეტს პარტიის საარჩევნო სიაში პირველ ნომრად ამწესებს, თუმცა კანცლერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება ორივე პარტიამ ერთიანად უნდა მიიღოს. 

"არმინ ლაშეტი საუკეთესო კანდიდატურად მიგვაჩნია, ჩვენ ვთხოვეთ ლაშეტს შექმნილი ვითარება განეხილა მარკუს ზიოდერთან, რათა ვიცოდეთ როგორ მოვიქცეთ მომდევნო თვეებში",- განუცხადა Frankfurter Allgemeine-ს ჰესენის მიწის პრემიერმა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა, ფოლკერ ბუფიერმა. 

პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა არმინ ლაშეტიც, მისი თქმით, იგი უახლოეს დღეებში დაუკავშირდება მარკუს ზიოდერს, რადგანაც ჯერჯერობით გადაუწყვეტელია თუ ვინ გაუძღვება ბლოკს მომავალ არჩევნებზე და ორივე პარტია ამ გადაწყვეტილების მოლოდინშია. ლაშეტი ამბობს, რომ მას კარგად აქვს გააზრებული გერმანიის კანცლერის მნიშვნელობა არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. 

ქრისტიან-დემოკრატების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ბავარიულმა ქრისტიან-სოციალურმა კავშირმაც და სიის პირველ ნომრად მარკუს ზიოდერი აირჩია. 

გაცილებით უფრო პროგნოზირებადი მდგომარეობაა ქრისტიან-დემოკრატიულ ბლოკის მთავარ კონკურენტ პარტიებში. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კანცლერობის კანდიდატად პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი დაამტკიცა, რომელიც ამ დროისთვის გერმანიის ფინანსთა მინისტრის პოსტსაც იკავებს. ორი თანათავმჯდომარიდან ერთ-ერთს აირჩევენ თავის კანცლერობის კანდიდატად გერმანელი მწვანეები 19 აპრილს. 

პოპულარული უმცროსი პარტნიორი

გერმანიაში ჩამოყალიბებული მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატიული ბლოკის კანცლერობის კანდიდატი შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში არა ბავარიული ფრთის წარმომადგენელი, არამედ ძირითადი პარტიის წევრია. ბავარიული ქრისტიან-სოციალური კავშირიდან კანცლერობის კანდიდატი სულ ორჯერ აირჩიეს და ორივეჯერ ბლოკმა არჩევნები წააგო. ბოლოს ასეთი შემთხვევა 20 წლის მოხდა. 

მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვით, ამჟამად ვითარება განსხვავებულია - მარკუს ზიოდერი, რომელმაც პოლიტიკური ქულები პანდემიასთან ეფექტური ბრძოლით მოიპოვა მოსახლეობაში გაცილებით უფრო პოპულარულია, ვიდრე არმინ ლაშეტი. მეტიც, ზიოდერი მიმავალი ანგელა მერკელის შემდეგ ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. 

ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ქრისტიან-დემოკრატიული ბლოკი მარკუს ზიოდერის ლიდერობით იოლად ამარცხებს მთავარ კონკურენტებს, სოციალ-დემოკრატებს და მწვანეებს. საპირისპირო სურათია არმინ ლაშეტის გამარჯვების შემთხვევაში - გამოკითხვის შედეგებით, ქრისტიან-დემოკრატიული ბლოკი არმინ ლაშეტის ხელმძღვანელობით ყველა მთავარ კონკურენტ პარტიასთან დიდი სხვაობით მარცხდება. 

ბავარიაში ზიოდერის ქრისტიან-სოციალური კავშირის რეიტინგი სტაბილურად 40%-ის ფარგლებშია, მაშინ როცა რეინ-ვესტფალიაში ლაშეტის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი 28%-მდე დაეცა. მერკელის პარტიის პოპულარობა წლის დასაწყისიდან განუხრელად ეცემა. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რეიტინგი იანვარში 36-37%-დან ამ დროისთვის 27-28%-მდეა შემცირებული. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ბლოკმა 33% მიიღო.

მმართველი პარტიის რეიტინგის კლების მიზეზებზე საუბრისას ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, მათ შორისაა მოსახლეობის გადაღლილობა ე.წ. ლოქდაუნებით, აზრთა სხვადასხვაობაა პარტიის შიგნით პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზეც, ასევე, ქრისტიან-დემოკრატების რამდენიმე დეპუტატთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი და ბოლოს, რა თქმა უნდა, ანგელა მერკელის წასვლა.

მმართველი ბლოკისთვის სურათს აუარესებს ისიც, რომ იზრდება მომავალ არჩევნებზე სავარაუდოდ მათი მთავარი კონკურენტის, მწვანეების რეიტინგი. ამ დროისთვის მწვანეთა მხარდაჭერა დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება მმართველი ბლოკის რეიტინგს, რაც არჩევნებამდე დარჩენილ 5 თვეში შესაძლოა მარტივად შეიცვალოს. 

ზოგი პოლიტიკოსის აზრით სექტემბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანამ შესაძლოა "შუქნიშნის კოალიცია" მიიღოს. სწორედ ასე მოიხსენიებენ შესაძლო მმართველ კოალიციას, რომლებშიც მწვანეები, თავისუფალი დემოკრატები [პარტიის ფერად ყვითელი მიიჩნევა] და სოციალ-დემოკრატები [პარტიის ფერად წითელი მიიჩნევა].

ვაკუუმის შიში

ბევრი სოციოლოგისა და პოლიტოლოგის აზრით, იმ შემთხვევაში თუ მმართველი ბლოკი კანცლერობის კანდიდატად არმინ ლაშეტს წარადგენს დიდი შანსია, რომ საარჩევნო ბლოკმა, რომელმაც მერკელის ლიდერობით ზედიზედ ოთხი არჩევნები მოიგო, 2021 წლის არჩევნებში მძიმედ დამარცხდეს. 

"რა თქმა უნდა ზიოდერის გვერდზე გაწევა და არაპოპულარული ლაშეტის წინ წამოწევა ქრისტიან-დემოკრატიული ბლოკისთვის თვითმკვლელობას ნიშნავს. გარდა ამისა ეს ნიშნავს, რომ სექტემბერში გერმანიას მწვანე კანცლერი ეყოლება",- დარწმუნებით ამბობს ბერლინელი მიმომხილველი და გამომცემელი ბორის ფელდმანი. 

ფელდმანის აზრით ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პრეზიდიუმის მიერ ლაშეტის ნაჩქარები წარდგენა, ზიოდერის შეუთანხმებელი განაცხადის საპასუხოდ გამოვლენილი ნერვული რეაქციაა. "მერკელის შემდეგ ზედმეტად დიდი სიცარიელე რჩება, ეს სიცარიელე დამთრგუნველია, პარტია ამ პანიკურ შეტევას გადაიტანს. ვფიქრობ, პრაგმატიზმი ბავაროფობიაზე გაიმარჯვებს."

მსგავსი სიახლეები