ღაზაში ომის ფონზე, ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად შემცირდა
აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის საქმიანობით ამერიკელების მხოლოდ 40%-ია კმაყოფილი. ეს ამერიკის ისტორიაში დემოკრატი პრეზიდენტისთვის ყველაზე მცირე მაჩვენებელია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა NBC News-მა 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, ბაიდენით უკმაყოფილოების მაჩვენებლმა შეერთებულ შტატებში 57%-ს მიაღწია. შედარებისთვის: მიმდინარე წლის იანვარში მსგავს გამოკითხვაში ბაიდენის საქმიანობას დადებითად 46% აფასებდა, უარყოფითად - 50%.
კვლევის ავტორების აზრით, ეს შედეგი დაკავშირებულია ბაიდენის საგარეო პოლიტიკით ამერიკელების უკმაყოფილებასთან, პირველ რიგში მისი მკვეთრად ისრაელის მხარდამჭერი პოზიციების გამო.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 33% აფასებს, საპირისპირო აზრი კი გამოკითხულთა 62%-მა გამოთქვა. კონკრეტულად, გამოკითხულთა მხოლოდ 34% დაეთანხმა ბაიდენის პოზიციას ისრაელთან დაკავშირებით, ხოლო 56% არა.
გარდა ამისა, NBC-ის კვლევაში დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩვევნებში პირველად ამარცხებს მოქმედ პრეზიდენტს.
ბაიდენის მხარდაჭერა ყველაზე მეტად დემოკრატიული პარტიის ელექტორატში შემცირდა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ "ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებები ზედმეტად შორს წავიდა."
18-34 წლამდე ამომრჩევლებში, ბაიდენის პოზიციას ისრაელის მიმართ გამოკითხულთა 70% არ ეთანხმება.