ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის გამო, დასავლეთ სანაპიროზე გაფიცვა გამოცხადდა
ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვის გამო, მთელ დასავლეთ სანაპიროზე საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა.
პალესტინელები და არაბული ქვეყნები დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელი კი აცხადებს, რომ საავადმყოფო ისლამური ჯიჰადის მიერ წარუმატებლად გაშვებულმა რაკეტამ ააფეთქა. ჰამასის ცნობით, აფეთქების შედეგად მინიმუმ 500 ადამიანი დაიღუპა.
პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საყოველთაო გაფიცვა "ნაციონალისტური და ისლამისტური ძალების" მიერ არის ინიცირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთში, მაგრამ გაფიცვა დანარჩენ ტერიტორიაზეც მოხდება.
დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთის ქალაქებში - ჯენინი, ნაბლუსი და ტულკარემი - ჰამასს და ისლამურ ჯიჰადს განსაკუთრებით მაღალი მხარდაჭერა აქვს.
გაფიცვის ფარგლებში დაიხურება მაღაზიები, ბანკები და უნივერსიტეტები.
სამშაბათს საღამოს, დასავლეთ სანაპიროს ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი პალესტინურ უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდნენ და მაჰმუდ აბასის გადადგომა მოითხოვეს. ისინი აბასს ისრაელის მიერ ღაზას საავადმყოფოს დაბომბვაზე უმოქმედობისთვის ადანაშაულებენ.