გრეტა ტუნბერგი ისრაელს ომის დანაშაულებსა და გენოციდში ადანაშაულებს
გრეტა ტუნბერგმა ისრაელი ღაზას სექტორში ომის დანაშაულებსა და გენოციდში დაადანაშაულა და "უპატიებელი ძალადობის" შეწყვეტა მოითხოვა.
"ჰამასის მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის შემზარავი მკვლელობები ვერანაირად ვერ გაამართლებს ისრაელის ომის დანაშაულებს," - თქვა შვედმა აქტივისტმა სამშაბათს რამდენიმე გამოცემაში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში. "გენოციდი არ არის თავდაცვა და არც პროპორციული პასუხი."
ტუნბერგმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ მისი აქტივისტური მოძრაობა "რადიკალიზებული" ან "პოლიტიკური გახდა".
"ჩვენ ყოველთვის პოლიტიკური ვიყავით, რადგან ყოველთვის ვიყავით მოძრაობა სამართლიანობისთვის," - წერს ის. "პალესტინელების და ყველა დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ სოლიდარობა ჩვენთვის არასოდეს ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ."
მოსაზრების სვეტში ტუნბერგმა ისრაელის სამხედრო კომპანიებთან შვედეთის სამხედრო თანამშრომლობა გააკრიტიკა, რაც, მისი თქმით, "შვედეთს ისრაელის ოკუპაციისა და მასობრივი მკვლელობების თანამონაწილედ აქცევს."
"ამ დაუსაბუთებელი ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნა საბაზისო ჰუმანურობის საკითხია და ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება,დუმილი თანამონაწილეობაა. არ შეიძლება ნეიტრალური იყოთ გენოციდისას." - თქვა ტუნბერგმა.
მან ასევე ანტისემიტური და ისლამოფობიური აქტების "მკვეთრ ზრდაზე" ისაუბრა მთელ მსოფლიოში, მათ შორის შვედეთში, სადაც ულტრამემარჯვენე პარტიის, შვედი დემოკრატების ლიდერმა ჯიმი აკესონმა ცოტა ხნის წინ მეჩეთების დანგრევა მოითხოვა, მალმოს სინაგოგასთან კი მომიტინგეების ჯგუფმა ისრაელის დროშა დაწვა.
"ეს მიუღებელია", - წერს აქტივისტი. "ჩვენ უპირობოდ ვგმობთ დისკრიმინაციის ყველა ფორმას, მათ შორის ანტისემიტიზმსა და ისლამოფობიას."