გუშინდელ შეტევებს 35 პალესტინელი და 5 ისრაელელი ემსხვერპლა

ისრაელსა და პალესტინურ ავტონომიას შორის შეიარაღებული კონფლიქტის ბოლო ფაზას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად გარდაიცვალა 35 ადამიანი, მათ შორის 10 არასრულწლოვანია, დაჭრილია 203 პალესტინელი. 

ღაზას სექტორიდან ცენტრალური ისრაელის ქალაქებზე, თელ-ავივსა, ლოდზე და აშკელონზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევების შედეგად გარდაიცვალა 5 ისრაელელი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. 

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე ესკალაციის ფონზე, ქალაქებში ლოდსა და რამლაში არაბული მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რამლაში არაბული მოსახლეობის წილი დაახლოებით 20%, ხოლო ლოდში 30%-ია. 

ებრაული მედიის ინფორმაციით, ღაზაზე განხორციელებული საჰაერო შეტევების შემდეგ ლოდისა და რამლას არაბული მოსახლეობა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, თუმცა პროტესტი მალევე გადაიზარდა არეულობაში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეთნიკური არაბების ჯგუფები უტევდნენ სინაგოგებს, სავაჭრო ობიექტებს და წვავდნენ ავტომობილებს. 

ლოდის მერმა, იაირ რევივომ ქალაქში შექმნილ ვითარებას სამოქალაქო ომი უწოდა. არსებული ინფორმაციით, რევივომ პრემიერ ნეთანიაჰუს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ და საჯარისო ნაწილების შეყვანისკენ მოუწოდა. 

ლოდის მერის თხოვნა მალევე დააკმაყოფილა პრემიერმა, ბიბი ნეთანიაჰუმ და ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მალევე ქალაქში სასაზღვრო პოლიციის სამსახურის ნაწილები შევიდნენ. 

"მთელმა ისრაელმა უნდა იცოდეს, ვითარება სრულიად უკონტროლოა, ეს წარმოუდგენელია. სინაგოგებს ცეცხლი უკიდია, დამწვარია ათასობით ავტომობილი. ქუჩაში ასობით არაბული ბანდა დათარეშობს. ლოდში სამოქალაქო ომი დაიწყო",- წერს რევივო.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ღაზადან გაშვებული რაკეტები ცენტრალური ისრაელის რამდენიმე ქალაქში ჩამოვარდა, მათ შორის, რამათ განში, თელ-ავივში, აშდოში. ამ დროის მონაცემებით ბოლო დაძაბულობის შედეგად ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.  

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიციამ საჰაერო შეტევები მიიტანე ჰამასის 500-მდე ობიექტზე. 

გუშინ, 10 მაისს ღაზას სექტორიდან ებრაული ქალაქების მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაისროლეს.  

ებრაელი სამხედროების ცნობით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ "რკინის გუმბათმა" ჩამოაგდო, ხოლო ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

სარაკეტო შეტევების საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში მდებარე 130 მტრულ ობიექტზე საჰაერო შეტევა განახორციელა. ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, საჰაერო შეტევების შედეგად მოკლულია დაჯგუფება ჰამასის 15 წევრი, რომლებიც სარაკეტო შეტევაში მონაწილეობდნენ. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობებს გარდაცვლილი მშვიდობიანი პალესტინელების შესახებ

ღაზას ავტონომიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ისრაელის საჰაერო შეტევებს 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც. უწყების ინფორმაციით, დაშავებულია 75 ადამიანი. 

რამ გამოიწვია ესკალაცია

 

სამხედრო ესკალაცია აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ებრაელ პოლიციელებს შორის მიმდინარე შეტაკებებმა გამოიწვია. ეთნიკურ პალესტინილებსა და ისრაელელ სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს დაშავდა 300 ადამიანი.

სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 250-ზე მეტმა პალესტინელმა, მათგან 88 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაშავებულების უმეტესობას რეზინის ტყვიები მოხვდა. 

შეტაკებები აღმოსავლეთ იერუსალიმის ორ რაიონში, ტაძრის გორასთან და შეიხ ჯარახში მოხდა. ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ორი რაიონიდან პალესტინურ ოჯახებს ასახლებენ, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა.  შეტაკებები პოლიციასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ალ-აქსას მეჩეთთან რამადანის ბოლო პარასკევის აღსანიშნავად მისულმა პალესტინელებმა ებრაელ პოლიციელებს ქვები დაუშინეს. 

ეთნიკური პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე პალესტინური ოჯახის გასახლებას აპროტესტებდნენ. 

ებრაულ-არაბულ კონფლიქტში აღმოსავლეთ იერუსალიმის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია, პალესტინელი არაბები იერუსალიმს მომავალი პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ, ხოლო ებრაელები იერუსალიმის ერთიანობის პრინციპს ემხრობიან, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი ერთიანი ებრაული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და დედაქალაქია.

ებრაულ-არაბული კონფლიქტის გადაწყვეტის ბოლო სერიოზული მცდელობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ეკუთვნის. 2020 წლის იანვარში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ებრაულ-პალესტინური კონფლიქტის გადაჭრის გენერალური სტრატეგია წარმოადგინა, რომელსაც თავად ტრამპი საუკუნის გარიგებას უწოდებდა. გეგმის მიხედვით, იერუსალიმი კვლავ ისრაელის დედაქალაქი იქნებოდა, ხოლო პალესტინის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმი გამოცხადდებოდა. 

ამავე გეგმით, იერუსალიმში მდებარე ტაძრების გორაზე, რომელზეც ისლამისა და იუდაიზმისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეებია განლაგებული შენარჩუნებული იქნებოდა სტატუს-კვო. ისრაელის იურისდიქცია გავრცელდებოდა მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე, იუდეასა და სამარიაზე. 

გეგმის მიხედვით, პალესტინის ტერიტორია გაორმაგდებოდა, ამასთანავე აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ორგანიზაცია ჰამასის განიარაღება და ღაზას სექტორის დელიმიტაცია. 

დოკუმენტი მოიწონეს ისრაელში, თუმცა ის მკაცრად გააკრიტიკა პალესტინურმა ადმინისტრაციამ და არაბული ქვეყნების უმეტესობამ. 

მსგავსი სიახლეები